დავით უსუფაშვილი: ვანო მერაბიშვილსაც ჰქონდა ოცნებები და მისი ოცნებები შესაძლოა, ახდა

„არ არის გამორიცხული, რომ ვანო მერაბიშვილსაც ჰქონდა ოცნებები და მისი ოცნებების ნაწილი შესაძლოა, ახდა”, – ამ სიტყვებით ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვანო მერაბიშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას.
როგორც დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ყველამ უნდა ისწავლოს სასამართლო გადაწყვეტილებების პატივისცემა, მიუხედავად იმისა, მოსწონს ეს თუ არა.
“ნებისმიერი დამნაშავის ოცნებაა, ჰყავდეს ისეთი პროკურორი, გამომძიებელი, მოსამართლე, რომელიც დაუშვებს ისეთ შეცდომებს, რომელიც შემდგომ დამნაშავეს ამაზე აპელირების საშუალებას მისცემს. კანონში წერია, რომ საპროცესო უფლებები დაცული უნდა იქნეს და ასეთ შემთხვევაში, დამნაშავე სწორედ ამაზე ოცნებობს, რომ ამითი მოახდინოს თავისი რეაბილიტირება. მეორე ოცნება დამნაშავეების, რომლებიც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არიან გარეულნი, არის, ჰყავდეს ისეთი პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლებაში, რომლებიც თავიანთი განცხადებებით შექმნიან ისეთ ფონს, რომ ვიღაცამ დაასკვნას, თითქოს ისინი პოლიტიკური ნიშნით არიან დევნილები და არა კანონი სდევნის მას. არ არის გამორიცხული, რომ ვანო მერაბიშვილსაც ჰქონდა ასეთი ოცნებები და მისი ოცნებების ნაწილი შესაძლოა, ახდა”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით უსუფაშვილმა.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას, რომ პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს ვანო მერაბიშვილი, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდენტს უნდა აცადონ, მიიღოს გადაწყვეტილება.
“ვაცადოთ პრეზიდენტს, მან კონსტიტუციის კითხვაც იცის, მისი გამოყენებაც იცის, მას შეუძლია გაერკვეს ხოლმე საკითხებში, ვეტო ხან დაადოს, ხან არ დაადოს, პატიმარი ხან შეიწყალოს, ხან არ შეიწყალოს. ვაცადოთ პრეზიდენტს ყველა ამ გადაწყვეტილების მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით დადგენილება გამოაქვეყნა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას, ვანო მერაბიშვილისა და მისი ადვოკატების სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით, სამი თვის განმავლობაში, 12 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები