თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა არის კანონიერი (ვიდეო)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუიანის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი დაკავება კანონიერად მიიჩნია. ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.
“ივანე მერაბიშვილის საქმეზე დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელშიც არის ოთხი ნაწილი. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ სტრასბურგის სასამართლომ შავით თეთრზე თქვა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, რომელიც დაიწყო 2013 წლის მაისში და დასრულდა 2014 წლის თებერვალში, ანუ ორ წელიწდზე მეტი ხნის წინ, არის კანონიერი. აქედან გამომდინარე, ეს იყო მთავარი და ეს მიღწეულია. ასევე სასამართლომ თქვა, რომ პირველი ორი გადაწყვეტილება წინასწარი პატიმრობის შესახებ ქართველმა მოსამართლეებმა დასაბუთებულად გამოიტანეს, მით უმეტეს, თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ სახეზე იყო მაისურაძის გვარზე გაცემული ივანე მერებიშვილის გაყალბებული პასპორტი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება დარღვევებს, იუსტიციის მინისტრის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ 2013 წლის სექტემბრის ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა მოსამართლემ ზეპირად ერთი ფრაზით გამოიტანა, წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე უარის შესახებ, იყო არასაკმარისად დასაბუთებული, და ეს ჩაითვალა დარღვევად.
„სტრასბურგის სასამართლომ ასევე თქვა, რომ მერაბიშვილის მიერ მოყოლილი ინციდენტი, რომ, თითქოსდა, ის 2014 წლის დეკემბერში მიიყვანეს დარბაისელთან და ფარცხალაძესთან, ეს ინციდენტი არ იყო გამოძიებული და ამიტომ ალბათ არის მე-18 მუხლის დარღვევა, ალბათ იმიტომ რომ სხვა მიზნებიც შეიძლება ჰქონოდა მის წინასწარ პატიმრობაში ყოფნასო. მთავარია, რომ ის წინასწარი პატიმრობა, რომელიც დასრულდა 2 წლის წინ, კანონიერად არის აღიარებული, გაჩნდა კითხვის ნიშანი ფარცხალაძის ეპიზოდთან, ესეც გამოსაძიებელი იქნება აუცილებლად. რაც შეეხება თანხის ნაწილს, ივანე მერაბიშვილი ითხოვდა 15 000 ევროს, მას მიანიჭეს 4 000 ევრო, ოთარ კახიძე ითხოვდა 35 000 ევროს საადვოკატო მომსახურებისათვის, მას მიანიჭეს ასევე 4000 ევრო, ეს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო. ის შედის ძალაში მხოლოდ აგვისტოში და ისიც, თუ მე, როგორც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელი, და სახელმწიფო უწყება, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს, მას არ გავასაჩივრებთ. ჩვენ მას აუცილებლად გავასაჩივრებთ, მაგრამ როდის შევა ეს გადაწყვეტილება ძალაში, წინასწარ არ ვიცი, ალბათ, გაისად”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები