“სახელმწიფოს სწორი მიმართულებით განვითარებით, ოსებს და აფხაზებს ჩვენთან დაბრუნების სურვილი უნდა გავუჩინოთ”
საქართველოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი დანაშაული იყო ის, რაც 2008 წელს მოხდა.
ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ არსებული ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მსგავსად არ იმოქმედებს და რუსეთთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს.
ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკების ალტერნატივა არ არსებობს.
“სააკაშვილის ყველაზე დიდი დანაშაული იყო ის, რაც მოხდა 2008 წელს. რომ არა სააკაშვილის სულელური ქმედებები, არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა, თუმცა რუსეთის აგრესიის როლი ამით არ მცირდება.
ჩემთვის გაცილებით იოლია, იმაზე ვიფიქრო, როგორ უნდა მოვიქცეთ – ჩვენი ქვეყანა გავაძლიეროთ, გავაერთიანოთ და განვვითარდეთ. მოლაპარაკების ალტერნატივა არ არსებობს. არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ როგორც სააკაშვილი მოქმედებდა, ისე ვიმოქმედებთ. გაძლიერებულ ქვეყანაში ჩვენს ძმებსაც გაუჩნდებათ ჩვენთან დგომის სურვილი. მოლაპარაკებებით და სახელმწიფოს სწორი მიმართულებით განვითარებით, ოსებს და აფხაზებს ჩვენთან დაბრუნების სურვილი უნდა გავუჩინოთ. ხალხი უნდა დავიბრუნოთ და არა ტერიტორიები. დღეს უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით სვლა და შედეგი აუცილებლად დადგება”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.