გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის ელჩს საქართველოში წინასაარჩევნო გარემო გააცნო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობასა და პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის, გასულ კვირას, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს სტრასბურგსა და ბრიუსელში და ვარშავაში დაგეგმილი NATO-ს სამიტისათვის მზადების საკითხებს.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაც განიხილეს. აშშ-ის ელჩმა ქვეყნის პირველ პირს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის ელჩს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო გააცნო. შეხვედრისას ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო და სამართლებრივი რეფორმების ასპექტები და ქართული დემოკრატიის გაძლიერებისა და განმტკიცებისათვის ყველა მნიშვნელოვანი თემა. საქართველოს პრეზიდენტისა და იან კელის შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები