გიორგი კვირიკაშვილი NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის წევრებს შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილმა NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის წევრებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, უზრუნველყოს საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება. NDI-ის დელეგაცია საქართველოში არჩევნებისთვის მზადების პროცესს, ზოგად პოლიტიკურ გარემოს და იმ ფაქტორებს, რომელსაც საარჩევნო პროცესის წარმართვაზე გავლენის მოხდენა შეუძლია, 4 დღის განმავლობაში შეაფასებს, ხოლო ვიზიტის დასასრულს, წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტს გამოაქვეყნებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მაიკლ პოზნერი, პოლონეთის სეიმის ყოფილი წევრი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი იანუშ ონიშკევიჩი, NDI-ის საქართველოსოფისის დირექტორი ლორა თორნტონი, NDI-ის საპარლამენტო პროგრამის მენეჯერი თამარ სართანია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.