მიხეილ ჯანელიძე: თარიღებთან დაკავშირებით არ გვინდა საზოგადოებაში იმედგაცრუება გამოვიწვიოთ

საქართველოს მთავრობას არასდროს განუცხადებია, რომ მაინცდამაინც ივნისში მივიღებდით ვიზალიბერალიზაციას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ “ქრონიკის სტუდიაში” განაცხადა.
როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, ეს დაპირება თავად ევროკავშირის მხრიდან არსებობდა.
“ჩვენ ყოველთვის ვახსენებდით, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა დროული და დღესაც ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მალე იქნეს მიღებული. მაგრამ დასახელება ვადების, რომ ეს მაინცდამაინც ივნისში იქნება, სექტემბერში თუ ა.შ., არ იქნება მიზანშეწონილი, რადგან არ გვინდა, რაიმე იმედგაცრუება გამოვიწვიოთ საზოგადოებაში თარიღებთან დაკავშირებით”,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მისივე თქმით, საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა. მინისტრის განცხადებით, პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, დაკავშირებულია ევროკავშირში მიმდინარე პროცესების განხილვასთან, რომელიც მიგრაციულ კრიზისს ეხება.
“ის, რომ საქართველოს საკითხი იხილება სხვა ქვეყნებთან ერთად, არ ნიშნავს, რომ საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება დაკავშირებული არის იმ ქვეყნების გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როდესაც ევროკავშირი საუბრობს ვიზალიბერალიზაციაზე, მას დაზღვევის მეტი მექანიზმი უნდა ჰქონდეს ვიზალიბერალიზაციის არასწორად გამოყენების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე არის საქართველო განხილვებზე მიბმული მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს ევროპისათვის”,-აღნიშნა ჯანელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები