ეკა ბესელია: არის მცდელობა, საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, არის მცდელობა, საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს.
როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ პოლიტიკური პროცესის ერთ მხარეს დგას “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
“განცხადებები, რაც კეთდება ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, მეტყველებს იმაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ პროცესში ჩართვის მცდელობასთან გვაქვს საქმე. რამდენიმე დღის წინ ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადება, რომ სააპელაციო სასამართლოს ეშინია, არ დაასწროს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება, იყო მისი მხრიდან პირდაპირი აღიარება. როგორც ჩანს, მისთვის ცნობილია მოსალოდნელი გადაწყვეტილების შესახებ. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ საქართველოს პარლამენტი ერთ-ერთ სარჩელზე მოპასუხე მხარე იყო, ეს სარჩელი ეხებოდა „რუსთავი 2“-სა და ტელეკომპანია „საქართველოს“ საქმეს პარლამენტის წინააღმდეგ. ამ სარჩელის დროს პარლამენტის სახელით გამოდიოდა წარმომადგენილი, რომელმაც დააყენა რამდენიმე მოსამართლის აცილების საკითხი, კერძოდ, მოსამართლეების – ვარძელაშვილსა და კოპალეიშვილის. პარლამენტის წარმომადგენელი უცხადებდა უნდობლობას ამ მოსამართლეებს, რადგან გარდა იმისა, რომ დარღვევებით მოხდა ამ საქმის შესახებ წარმომადგენლისთვის ინფორმაციის მიწოდება, იქ არსებობდა სხვა ეჭვები და გარემოებები“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისივე განმარტებით, ყველა სარჩელი, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში, რომელიც შეაქვთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სახელით, რატომღაც ხვდება სულ ერთი კოლეგიის სამ მოსამართლესთან.
„შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში, როდესაც პარლამენტის მიერ მოსამართლეების აცილების საკითხი დადგა, კონკრეტული ფაქტები იყო მითითებული. კერძოდ, როდესაც გვარამია იყო განათლების მინისტრი, ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარის, ვარძელაშვილის მეუღლე გახლდათ მისი პირველი მოადგილე. მეორე მოსმართლე კოპალეიშვილი იუსტიციის მინისტრობის დროს იყო გვარამიას მოადგილე, შემდეგ ასევე მოადგილე, როდესაც გვარამია განათლების მინისტრი გახლდათ, ეს ყველაფერი სასამართლოს წარედგინა, მაგრამ მოსამართლეების აცილებასთან დაკავშირებით ეს შუამდგომლობა მაშინ არ დაკმაყოფილდა. ეს კითხვები დღესაც დარჩა. დღეს, როდესაც ხდება შეტევა მოსამართლეების მიმართ, საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, ჩვენ ვახსენებთ ამ ფაქტებს მათ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები