საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებას მიეწოდება
ქართული მხარე საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო საზოგადოებას მიაწვდის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. მაია ფანჯიკიძემ იმ უკანონო ქმედებებზე ისაუბრა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს სოფელ ორჭოსანთან, სადაც რუსმა სამხედროებმა განათავსეს ტრაფარეტი, წარწერით “სამხრეთ ოსეთი”. ქართული მხარე რუსეთის ფედერაციის არალეგალურ ქმედებას აპროტესტებს. “მე ვიყავი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების სკოლებში და ჩემი თვალით ვნახე იქ არსებული სიტუაცია. ადამიანის უფლებები ირღვევა ყოველ წუთს, მართლაც, ძალიან მძიმე მდგომარეობაა ამ სოფლებში. ჩემთვის პირადად განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბავშვების მდგომარეობა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც წავედი იქ. ეს ყველაფერი არის დაგმობილი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. რუსეთს მუდმივად მოუწოდებთ, რომ შეწყვიტოს მავრთულხლართების გაბმა და ამ ნიშნების ჩასმა ოკუპირებული ხაზის გასწვრივ”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.