თბილისის თანამედროვე ცეკვის მე-3 სამხრეთკავკასიური ფესტივალი 12-14 ივნისს გაიმართება

9 ივნისს, 12. 00 საათზე, რუსთაველის თეატრის ვიპ-დარბაზში თბილისის თანამედროვე ცეკვის მე-3 სამხრეთკავკასიური ფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც მისი ორგანიზატორები და მხარდამჭერები გაუძღვებიან: შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში, პლატფორმა ცვლილებებისთვის, ისრაელის საელჩო საქართველოში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.
12-14 ივნისს თბილისში თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების სამხრეთკავკასიური ფესტივალი მესამედ ჩატარდება. ფესტივალის პროგრამა აერთიანებს ორ ძირითად მიმართულებას: თანამედროვე ცეკვასა და ექსპერიმენტულ ხელოვნებას. ფესტივალი სისტემატურად ატარებს მასტერკლასებს ქორეოგრაფიასა და თანამედროვე ცეკვაში, იწვევს უცხოელ ქორეოგრაფებს საქართველოში დადგმების განსახორციელებლად, ხელს უწყობს ადგილობრივი პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვარგარეთ და ყოველწლიურად მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნის ქორეოგრაფიული დასების გასტროლებს.
ფესტივალის 2015 წლის ივნისის პროგრამა:
12 ივნისი, 20. 00 სთ. მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა, ევორას თანამედროვე ქორეოგრაფიის დასის წარმოდგენა Terra Cha – “ვაკე”, ქორეოგრაფი ნელია პინეირო (ევორა, პორტუგალია). (https://www.youtube.com/watch?v=Yni8YoPL728)
13 ივნისი, 19. 00 სთ. რუსთაველის თეატრის დიდი სცენა – “ვერტიგო 20”, ქორეოგრაფ ნოა ვერტჰაიმის დადგმა ვერტიგოს დასის შესრულებით (იერუსალიმი, ისრაელი) (https://www.youtube.com/watch?v=oYCRTyAHdTE).
14 ივნისი, 19. 00 სთ, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა – სამხრეთკავკასიელი ქორეოგრაფების წარმოდგენები (ირაკლი შენგელია, კარენ ხაჩატურიანი, რიმა პიპოიანი, არა ასატურიანი, აქიფ ქარიმლი, საბინა ჰაჯიევა).
პროექტი ხორციელდება “სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროგრამის” ფარგლებში. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SCO).
ფესტივალის მხარდამჭერები არიან:
ისრაელის საელჩო საქართველოში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო Check in Georgia-ს ფარგლებში, პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი, ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი.
პროექტის პარტნიორები არიან: გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი, რუსთაველის თეატრი, მარჯანიშვილის თეატრი, Artarea, ევროპის სახლი.
პრეს-კონფერენციას დაესწრებიან სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის, ისრაელის საელჩოს, პორტუგალიური ენის ცენტრის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და ფესტივალის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები