კანის 69-ე კინოფესტივალის ინდუსტრიული შეხვედრების შედეგები

ეროვნული კინოცენტრი კანის კინობაზრობაზე წელს მეცხრედ იყო წარმოდგენილი. საქართველოს პავილიონში (#105, Village International Riviera) მუშაობდნენ კინოცენტრის დირექტორი – ზურაბ მაღალაშვილი, ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენელი – თამარ ტატიშვილი, დისტრიბუციისა და ექსპორტის დეპარტამენტის უფროსი – დავით ვაშაძე და პროექტების მენეჯერი – ნინო შერვაშიძე.
გაიმართა არაერთი საინტერესო შეხვედრა სხვადასხვა კინოფესტივალის, კინოფონდის თუ საპროდიუსერო კოპმანიის წარმომადგენლებთან.
ქართველი კინემატოგრაფისტები კანში
კანის ფესტივალზე წელს საქართველო არაერთ პროგრამაში იყო წარმოდგენილი.
დიდი წარმატებაა, რომ სექციაში Directors’ Fortnight მონაწილეობდა დეა კულუმბეგაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ლეთა”, რომლის მსოფლიო პრემიერაც სწორედ ფრანგულ რივიერაზე წარმატებით გაიმართა.
ფესტივალის კინობაზრობაზე “მსოფლიო პავილიონში” Cinema du Monde თინათინ ყაჯრიშვილის და ლაშა ხალვაშის პროექტი “მოქალაქე წმინდანი” მონაწილეობდა, სცენარის განვითარების პროგრამის Script Eeast ფარგლებში კანში რუსუდან ჭყონიას პროექტის „ვენეცია” პრეზენტაცია გაიმართა, პროდიუსერთა საერთაშორისო პლატფორმაზე PRODUCERS ON THE MOVE კი საქართველო ქართველმა პროდიუსერმა ნინო დევდარიანმა წარადგინა.
შეხვედრები კინოფესტივალების წარმომადგენლებთან
ბოლო წლებში ქართული ფილმების წარმატებამ განაპირობა ის, რომ ქართული კინოინდუსტრიით ინტერესდებიან ისეთი ფესტივალები, როგორიცაა:
• Berlinale
• Toronto International Film Festival
• San Sebastian Film Festival
• Visions du Réel
• Festival del Film Locarno
• Venice Film Festival
კანის კრიტიკოსთა კვირეული
კანის „კრიტიკოსთა კვირეულის” ხელმძღვანელთან შარლ ტესონთან და პროგრამის მენეჯერთან რემი ბონომისთან შეხვედრისას დაიგეგმა კრიტიკოსთა კვირეულის 2016/2017 წლების ფილმების ჩვენება საქართველოში და ადგილობრივი ახალგაზრდა კრიტიკოსებისთვის მასტერკლასის ორგანიზება.
SOFA 2017
შედგა შეხვედრა კინოაგენტების სკოლის SOFA დირექტორთან, ნიკოლაი ნიკიტინთან. ნიკიტინი აპრილის შუა რიცხვებში თავად სტუმრობდა თბილისს, რათა SOFA-ს ვორკშოპისთვის ქართველი მონაწილე შეერჩია. ვორკშოპი 19-28 აგვისტოს ქალაქ ვროცლავში (პოლონეთი) ჩატარდება.
ნიკიტინთან შეხვედრისას კანში განიხილეს 2017 წელს საქართველოს ჩართვის პერსპექტივა SOFA-ს საორგანიზაციო ჯგუფში, რათა კინოაგენტების სკოლის ვორკშოპი საქართველოშიც ჩატარდეს.
EAVE ( European Audiovisual Entrepreneurs )
შედგა შეხვედრა პროდიუსერთა ევროპული ასოციაციის, იავეს ხელმძღვანელთან თინა ტრაპთან, სადაც დაიგეგმა პროდიუსერებთან, სცენარისტებთან და რეჟისორებთან ერთად ვორკშოპის ჩატარება.
MAIA Workshops
MAIA Workshops საერთაშორისო პროგრამაა ახალგაზრდა პროდიუსერებისთვის, რომელიც წელს სნაგოვში (რუმინეთი) 11-15 აპრილს ჩატარდება. ვორკშოპისთვის უკვე შერჩეულია 20 პროდიუსერი მსოფლიოს 12 ქვეყნიდან, მათ შორის მოხვდა ქართველი პროდიუსერი ქეთი დანელია.
მაია ვორკშოპის ხელმძღვანელთან, გრაციელა ბილდესჰაიმთან შეხვედრის შემდეგ დაიგეგმა MAIA Workshops-თან სამომავლო თანამშრომლობა.
მემორანდუმი ბასკეთის აუდიოვიზუალურ ცენტრთან
ბასკეთის აუდიოვიზუალური ცენტრის წარმომადგენელთან შეხვედრისას დაიგეგმა ეროვნულ კინოცენტრთან მემორანდუმის გაფორმება სან სებასტიანის კინოფესტივალის ფარგლებში. მემორანდუმის მიზანია ქართულ-ბასკური პროექტების შექმნა და მხარდაჭერა.
Greek Film Centre
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა საბერძნეთის კინოცენტრმა. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების გაუმჯობესება და ერთობლივი კინოპროექტების რეალიზაციის ხელშეწყობა. საბერძნეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართული დიასპორა სიდიდით მესამეა მსოფლიოში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზაზა ურუშაძის „მანდარინები” საბერძნეთში გაყიდვების ლიდერი იყო.
Cash Rebate
15 მაისს კანის კინოფესტივალზე მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენელთათვის Cash Rebate-ს, ანუ ნაღდი ფულის უკან დაბრუნების სისტემის წარდგენა გაიმართა. პრეზენტაცია ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა ზურაბ მაღალაშვილმა გახსნა, შემდეგ კი Harbour of Cannes-ში შეკრებილ კინოინდუსტრიის 120-მდე წარმომადგენელს Cash Rebate-ს სქემა საქართველოს კინოკომისიისა და ეროვნული კინოცენტრის ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ვაშაძემ წარუდგინა.
საქართველოში ფილმების გადაღებით დაინტერესდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, ბრიტანეთი და რუსეთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები