ზვიად გამსახურდიას შვილები მამის გარდაცვალების საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ

 ზვიად გამსახურდიას შვილები მთავრობას ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიებას სთხოვენ, – ამის შესახებ მათ განცხადება დღეს მთაწმინდაზე, ზვიად გამსახურდიას საფლავთან გააკეთეს.

კონსტანტინე, გიორგი და ცოტნე გამსახურდიებმა ხელი მოაწერეს კომუნიკეს ტექსტს. ისინი მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილსა და მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს, რომ 2004 წელს დაწყებული გამოძიება გაგრძელდეს. როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ აღნიშნა, გამოძიებას რეალურად არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ განუხორციელებია. მისი თქმით, 2011 წელს შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ დაადგინა, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოკლულია.

კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, ამ კომუნიკეს მიღებით ზვიად გამსახურდიას შვილები უბრალოდ მშობლის წინაშე ვალს არ იხდიან, არამედ ეს არის საზოგადოებრივი ინტერესი, ვინაიდან ამ საქმის გამოუძიებლობა ქვეყნის სირცხვილია. გიორგი გამსახურდიამ კი, თავის მხრივ დასძინა, რომ ამ გამოძიების ჩატარებით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ეჭვები და კითხვებს პასუხები გაეცემა.

გიორგი გამსახურდიას ჟურნალისტებმა კითხვით მიმართეს ექსპერტ ლევან ჩაჩუასთან დაკავშირებით, რომელმაც ზვიად გამსახურდიას ცხედრის ექსპერტიზა ჩაატარა. გიორგი გამსახურდიამ აღნიშნა, რომ მისთვის ძნელია იმის თქმა, რამდენად პროფესიონალი იყო ლევან ჩაჩუა. მისი თქმით, ლევან ჩაჩუას პირადად იცნობს, თუმცა მისი პროფესიონალიზმის შეფასება პროკურატურის გადასაწყვეტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები