ლევილის მამული საქართველოს შესაძლოა, შემოდგომისთვის გადმოეცეს

ლევილის მამული საქართველოს შესაძლოა, შემოდგომისთვის გადმოეცეს. ამის შესახებ საქარველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სიმბოლურია, რომ საფრანგეთში, ლევილის მამულის საქართველოს სახელმწიფოსთვის გადმოცემის შესახებ განზრახულობათა ოქმს ხელი გუშინ მოეწერა.
„დღეს ტარდება დიასპორის მეორე, ყოველწლიური ფორუმი – „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს“ და ეს არის ძალან კარგი ინიციატივა, რომელიც ქმნის საშუალებას, პლატფორმას, რომლის საფუძელზეც უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი დიასპორის ჩართულობა ქვეყნის განვითარების საქმეში. მათი მხრიდან მოხდება გამოცდილების გაზიარება და ჩვენი მხრიდან, მთავრობის წევრების მხრიდან მიეწოდება დიასპორას ინფორმაცია საქართველოში არსებული შესაძლებლობის თაობაზე. რა შესაძლებლობები არსებობს, იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დავაბრუნოთ ქვეყანაში. მათთვის კი, ვინც გადაწყვეტს უცხოეთში ცხოვრებას, შევუქმნათ კომუნიკაციის საშუალება, რათა მათი ჩართულობა ქვეყნის განვითარების საქმეში იყოს ძალიან მაღალი და, ვფიქრობ, ეს ძალიან მისასალმებელია.
სიმბოლურია, რომ გუშინ მოეწერა ხელი დოკუმენტს, საფრანგეთში, ლევილის მამულის საქართველოს სახელმწიფოსთვის გადმოცემის შესახებ, ეს არის განზრახულობათა ოქმი, რომელიც, სავარაუდოდ, დაგვირგვინდება შემოდგომისთვის იმ დოკუმენტის სახით, რომ ეს მამული გადმოეცემა საქართველოს სახელმწიფოს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ოქმს პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელთა შთამომავლებმა მოაწერეს ხელი.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სწორედ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ცხოვრობენ საფრანგეთში და რომელთაც გამოხატეს კეთილი ნება და მინდა მადლობა გადავუხადო დიასპორის მინისტრს და იუსტიციის მინისტრს, აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის. მათ ძალიან დიდი შრომა გასწიეს იმისათვის, რომ ეს შედეგი მიღწეული ყოფილიყო. ეს ძალიან სასიხარულოა, გილოცავთ ყველა თქვენგანს, ეს იქნება ქართული კულტურის კერა საფრანგეთში და სახელმწიფო იზრუნებს ამ კულტურის კერის განვითარებისათვის. ვფიქრობ, ეს გახდება, მართლაც, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები