აშშ-ის და ევროკავშირის ყოფილი ელჩები – ნატომ საქართველოს მხარდაჭერის სიგნალები უნდა გაუგზავნოს
ნატოს ვარშავის სამიტზე, რომელიც ივლისის დასაწყისში გაიმართება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი განიხილავს, თუ რა დაუპირისპიროს რუსეთის აგრესიულ გეგმებს. საქართველო ამ სამიტზე იმსახურებს სიგნალს, რომ რუსეთის მხრიდან ხისტი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, საქართველოს არ დაივიწყებენ. ამის თაობაზე საქართველოში ევროკავშირის ყოფილი ელჩი დენის კორბოი და აშშ-ის ყოფილი ელჩები საქართველოში – უილიამ კორტნი და კენეთ სპენსერ იალოვიცი გამოცემა The National Interest-ში გამოქვეყნებულ სტატიაში – „საქართველოს ფრთხილი საგარეო პოლიტიკური მანევრები“ წერენ.
ყოფილი დიპლომატები აღნიშნავენ, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოს გადასარჩენად საკმაოდ რთული ამოცანის შესრულება უწევს. ის, ერთი მხრივ, დასავლეთთან დაახლოებას, ხოლო, მეორე მხრივ, რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის ფორმატის შეინარჩუნებას ცდილობს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთი საქართველოზე მუდმივ და ძლიერ ზეწოლას ახორციელებს. მან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სამხედრო პლაცდარმებად და კრიმინალის კერებად აქცია.
რუსული ჯარები რეგულარულად სწევენ მავთულხლართებს საქართველოს შიგნით. მოსკოვი მუდმივად აცხადებს, რომ ევროკავშირი და ნატო საქართველოს არასდროს მიიღებენ, ხოლო რუსეთისა და საქართველოს ღირებულებები ტრადიციულია და ის დასავლეთის ლიბერალური ღირებულებებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეს, ელჩების განცხადებით, მოსკოვის პროპაგანდისტული ნაბიჯია.
სტატიის ავტორები ასევე წერენ, რომ საქართველოში სიღარიბე და ცხოვრების დონის გაუარესება ხელს უწყობს დღევანდელი მთავრობის პოპულარობის კლებას. უახლოეს თვეებში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, წინასაარჩევნო კამპანიაში კი დარღვევები უკვე დაფიქსირდა.
„ყველა ამ ფაქტორის მიუხედავად, ქართველები კვლავ ორიენტირებულნი არიან დასავლეთთან დაახლოებაზე “, – აღნიშნულია სტატიაში.
„ქართველები შიშობენ, რომ თუ რუსეთი საქართველოს მიმართ უფრო ხისტ პოლიტიკას გაატარებს, დასავლეთმა შესაძლოა, ამას ბევრი ვერაფერი დაუპირისპიროს“, – წერენ ყოფილი ელჩები.
„საქართველოს ახლა ძალიან დაეხმარებოდა სიგნალები, რომ ის არ დაივიწყეს. ვარშავის სამიტამდე კავკასიის რეგიონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და სხვა ლიდერების ვიზიტი, საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მათი მხარდაჭერის დადასტურება იქნებოდა. დასავლეთის ამ მხარდაჭერას ხაზი უნდა გაესვას ვარშავის სამიტზე“, – წერია The National Interest-ის სტატიაში.