თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.
ღონისძიებას თბილისის მერი მოადგილე ნინა ხატისკაცი დაესწრო. თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი გამორჩეული იქნება ღონისძიებების მრავალფეროვნებითა და მონაწილე საგამომცემლო სახლების, ავტორების, გამავრცელებლების, საელჩოების, უნივერსიტეტებისა და სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციების სიმრავლით.
ფესტივალზე დარეგისტრირებულია 60-მდე მონაწილე; დაგეგმილია ლიტერატურული ღონისძიებები, ახალი წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები ავტორებთან, დისკუსიები, საჯარო კითხვა, პროფესიული სემინარები, ლიტერატურული დაჯილდოება, წლის ბლოგერის გამოვლენა.
თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალს ტრადიციულად ეყოლება საპატიო სტუმარი. წელს საპატიო სტუმრის სტატუსით, დიმიტრი გლუხოვსკი წარსდგება.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სტუმრის ვიზიტი და საჯარო დისკუსია.
ფესტივალის განმავლობაში ტრადიციულად მოეწყობა სპეციალური კუთხე პატარა მკითხველებისთვის, რომელიც დატვირთული იქნება სხვადასხვა გასართობი, ინტელექტუალური საბავშვო ღონისძიებებით.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. ფესტივალი 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები