სპექტაკლ „ჩარლის დეიდის“ პრემიერა გაიმართება

27 მაისს ილიაუნის თეატრის სცენაზე სპექტაკლ „ჩარლის დეიდის“ პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით დაიდგა.
კომედია „ჩარლის დეიდა“ მე-19 საუკუნეში მოღვაწე მსახიობის, დრამატურგისა და მუსიკოსის, ბრენდონ თომასის პიესა გახლავთ, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის სცენაზე მსახიობმა და რეჟისორმა, კახა გოგიძემ დადგა.
ახალგაზრდა მსახიობები შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრიდან – ნათია კვაშალი, თავისუფალი თეატრიდან – მარიამ ნადირაძე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრიდან – გიორგი შავგულიძე მაკა შალიკაშვილთან, მარიტა ჯანაშიასთან, დავით ველიჯანაშვილთან, ზუკა გაბუნიასთან და ანდრია ვაჭრიძესთან ერთად ინგლისური კომედიის გარშემო გაერთიანდნენ.
”ილიაუნის თეატრის მაყურებელს მსგავსი კომედიები განსაკუთრებით უყვარს – სადაც ახალგაზრდა ბიჭები სიყვარულის მოსაპოვებლად ათასგვარ ტყუილს ხლართავენ; სადაც ახალგაზრდა ბიჭი შეიძლება უცბად ქალბატონ როზად გადაიქცეს; ქალბატონ როზად გადაცმული ახალგაზრდა ბიჭი შეიძლება პოლკოვნიკს შეუყვარდეს, ხოლო პოლკოვნიკს სტუმრად მისი პირველი სიყვარული, დონა როზა ეწვიოს, რომელიც თურმე პოლკოვნიკის შვილის მეგობრის დეიდაა, სწორედ ის დეიდა, რომლის ტანსაცმელშიც გამოწყობილა მისი შვილის მეგობარი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც თავის მეგობრებს სიყვარულის მოპოვებაში ეხმარება… და, რა თქმა უნდა, საბოლოოდ ყველაფერი კარგად მთავრდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები