რატომ წააგო პროცესი გიული ალასანიამ საკონსტიტუციო სასამართლოში

„რატომ წააგო პროცესი გიული ალასანიამ საკონსტიტუციო სასამართლოში“, – ამ სათაურით გაზეთი „პრაიმტაიმი“ სტატიას აქვეყნებს.
სტატიის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია მისი შვილის მიერ 10 წლის წინ მიღებული კანონის ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა.
კერძოდ, 2014 წლის შემოდგომაზე მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა განახორციელა ბიუჯეტის სახსრების დიდი ოდენობით გაფლანგვის ბრალდებით. შესაბამისად, დაყადაღდა ბრალდებულების – თემურ ჯანაშიასა და მიხეილ სააკაშვილის სახელზე გაფორმებული ქონების გარდა, მათი ოჯახის წევრების ქონებაც, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავია.
როგორც სტატიიდან ირკვევა, გიული ალასანიამ და თეიმურაზ ჯანაშიამ აღნიშნული ფაქტი სასამართლო ინსტანციებში გაასაჩივრეს, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს კი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს.
როგორც გამოცემა წერს, მოსარჩელეებს მიაჩნდათ, რომ სადავო ნორმით დადგენილ ქონებაზე ყადაღის დადების წესი არის ბუნდოვანი, არ ახდენს იმის ზუსტ განსაზღვრას, ვისი ქონება, რა გარემოებების არსებობისას და რა მიზნთ შეიძლება დაყადაღდეს.
მათი აზრით, ასევე არ შეესაბამებოდა, სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნებს ქონებაზე ყადაღის დადების შუამდგომლობის განხილვის წესი. კერძოდ, ისინი მიიჩნევდნენ, რომ ამგვარი შუამდგომლობა განხილული უნდა ყოფილიყო ზეპირი მოსმენით ჩატარებულ სხდომაზე, სადაც მხარეს ექნება საკუთარი არგუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა. სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება, რომ ქონების მესაკუთრე მოკლებულია ქონებაზე ყადაღის დადებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმები თანაზომიერად ზღუდავს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებას. შესაბამისად, არ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ვახტანგ ხმალაძეს დაუკავშირდა.
„საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო არა გიული ალასანიას მიმართ, არამედ მან არაკონსტიტუციურად არ ცნო მის მიერ გასაჩივრებული ნორმა. ანუ აქ საუბარია ნორმის შესახებ და არა გიული ალასანიაზე, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში. არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმაჩია, რომ სწორი იყო და ასევე – პირიქით, მაგრამ მე რას ვფიქრობ, ამას არ აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა ხმალაძემ.
აღსანიშნავია, რომ „თეიმურაზ ჯანაშია და გიული ალასანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება ერთი თვის წინ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები