ვალერი კვარაცხელია: ნეტავ, ბევრ ქართველს უყვარდეს საქართველო ისე, როგორც პუტინს უყვარს!

„ნეტავ, ბევრ ქართველს უყვარდეს საქართველო ისე, როგორც პუტინს უყვარს!“ – ამის შესახებ პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალერი კვარაცხელია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
კვარაცხელია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც საუბრობს. პროფესორი საქართველოს გაძლიერებას, რუსეთის გაძლიერებაში ხედავს. მისი თქმით, როგორც კი რუსეთის სახელმწიფო ეკონომიკურად შესუსტდა, ანალოგიურად შესუსტა საქართველოც.
“საქართველოს გადარჩენა თუ გვსურს, რუსეთის გაძლიერებაზე უნდა ვილოცოთ. საქართველოსა და რუსეთის ინტერესები მჭიდროდაა გადაჯაჭვული. ისტორიულად ასე ჩამოყალიბდა. რუსეთი საქართველოს ფიზიკური და მენტალური გადარჩენისა და არსებობის გარანტად იქცა.. საქართველო კი, რუსეთის კავკასიური ნაწილის სტაბილურობის გარანტად. რუსეთში რამდენი მმართველიც შეიცვლება, იმდენჯერ მის მიმართ დამოკიდებულება თუ შევცვალეთ? არსებობს რუსეთთან ურთიერთობის ფორმულა: რუსეთთან მტრობას, მასთან მეგობრობა სჯობს!
ვიმეორებ! რომ საქართველოს გადარჩენა – გაძლიერება თუ გვსურს, რუსეთის გადარჩენა-გაძლიერებაზე უნდა ვიზრუნოთ. დასუსტდა რუსეთი და დასუსტდა საქართველოც, დაიშალა საბჭოთა კავშირი და დაიშალა საქართველოც. ეს უბრალო დამთხვევა არ არის, ისტორიულ- პოლიტიკური კანონზომიერებაა, დასავლეთის მიერ ჩვენთვის გამოტანილი განაჩენია, მართლმადიდებელ სახელმწიფოთა „ხვედრი უცილო“. რუსეთმა ჯერჯერობით მხოლოდ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დახსნა შეძლო ამერიკელთა კლანჭებისაგან, დანარჩენი საქართველო ამერიკული სიბინძურის ექსპანსიისგან იხრწნება“, – აცხადებს ვალერი კვარაცხელია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
პროფესორს 2008 წლის „აგვისტოს ომზეც“ საკუთარი მოსაზრება გააჩნია.
„2008 წელს პუტინი წინ აღუდგა სააკაშვილის სამხედრო ავანტიურას ცხინვალში, რომელიც ამერიკელთა მიერ იყო ინსპირებული და საქართველოზე ამერიკელთა ბოლომდე გაბატონებისკენ იყო მიმართული, 2014 წელს პუტინი წინ აღუდგა კიევში ამერიკელთა მიერ მოწყობილ „მაიდნის“ უბინძურესი სცენარის განვითარებას და გამოგლიჯა რა ხელიდან ამერიკელებს ყირიმი, საზღვარი დაუდო უკრაინაში ფაშიზმის აღზევების გზით მათ სრულ გაბატონებას პოსტსაბჭოთა სივრცეში. ქართველ ხალხს ვურჩევ, ხელისუფლების გზა სწორედ პუტინის მსგავს პიროვნებას გაუხსნას, თუკი ასეთი ვინმე აღმოჩნდება საქართველოშიც“, – აცხადებს ვალერი კვარაცხელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები