„დელტას“ თანამშრომელი: დროული ჩარევა ნამდვილად ვერ მოხერხდა

„თითის გაშვერა „დელტასკენ“ ძალიან დიდი უსამართლობაა“,- ასე ეხმაურება გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ დირექტორის უჩა ძოძუაშვილის გათავისუფლების ფაქტს ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
მისი თქმით, მინისტრი თინა ხიდაშელი ცენტრის მიმართ უარყოფით განწყობას მინისტრის თანამდებობაზე მისვლის დღიდან არ მალავდა.
„თითის გაშვერა „დელტასკენ“ ძალიან დიდი უსამართლობაა. ზოგადად, ქალბატონი მინისტრი არასდროს მალავდა საკუთარ უარყოფით განწყობას ჩვენი სამსახურის მიმართ, უწყებაში მოსვლის დღიდანვე.
ჩვენი ოპერატორები 24-საათიან რეჟიმში აკვირდებოდნენ და როგორც კი სიტყვის კერა ჩამოყალიბდება, საჰაერონავიგაციასთან ხდება კონტაქტი ცის კონკრეტული მონაკვეთის დახურვის შესახებ და ისინი ან ხურავენ, ან მფრინავ საშუალებას უცვლიან ტრასებს.
თუმცა არის პატარა ტურისტული ვერტმფრენები, რომლებიც, ასე ვთქვათ, თვითნებურად გადაადგილდებიან. მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც ვერტმფრენით გადაადგილდებოდა კახეთის გუბერნატორი და, შესაბამისად, დაგვიანდა ჩარევა. იმ დღეს ჩვენმა ჯგუფმა დააფიქსირა, რომ ვერტმფრენი იყო ჰაერში, შესაბამისად, დროული ჩარევა ნამდვილად ვერ მოხერხდა, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლოა, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შექმნოდა.
ცხადია, ასეთ რისკზე ვერ წავიდოდით. არსებობს ამის დამადასტურებელი სტენოგრამული ჩანაწერები და ალბათ, მოკვლევის დროს ეს ყველაფერი გაირკვევა. რაც შეეხება ფინანსებს, საწუხაროდ, მოხდა ამ ფინანსების დაგვიანებით გამოყოფა. შარშანდელი 100-150 რაკეტა გვქონდა შემორჩენილი მაშინ, როდესაც სულ 86 დანადგარი გვაქვს და თითოში 26 რაკეტა თავსდება. სულ მცირე, 1600 რაკეტა მაინც გვჭირდება, რომ სისტემა ერთჯერადად დაიტვირთოს“, – განუცხადა გამოცემას წყარომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები