„ეს იყო ხიდაშელის პოლიტიკური ვენდეტა ღარიბაშვილის მიმართ“ – რატომ გაათავისუფლა ხიდაშელმა „დელტას“ დირექტორი

„რატომ გაათავისუფლა ხიდაშელმა „დელტას“ დირექტორი მოკვლევის დასრულებამდე?!“,-ამ სათაურით გაზეთი „პრაიმტაიმი“ სტატიას აქვეყნებს და კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ თავდაცვის მინისტრის ეს გადაწყვეტილება ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ პოლიტიკური ვენდეტა იყო.
როგორც სტატიიდან ირკვევა, „დელტას“ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პროტეჟედ ითვლებოდა და ის „დელტაში“ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის დროს, მისივე ინიციატივით, დაინიშნა.
„კულუარებში ამბობენ, რომ ეს იყო ხიდაშელის პოლიტიკური ვენდეტა ღარიბაშვილის მიმართ. რატომ ღარიბაშვილის? იმიტომ, რომ უჩა ძოძუაშვილი ყოფილი პრემიერის პროტეჟედ ითვლებოდა და ის „დელტაში“ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის დროს, მისივე ინიციატივით, დაინიშნა“,- წერია სტატიაში.
როგორც გამოცემას „დელტას“ ერთ-ერთი თანამშრომელი უყვება, ეს ძოძუაშვილის თანამდებობიდან ჩამოცილების პირველი შემთხვევა არ არის. მისივე მტკიცებით, მის მოცილებასა და საკუთარი კადრის დანიშვნას ჯერ ირაკლი ალასანია ცდილობდა.
„განთავისუფლების პირველ ბრძანებას ხელი ალასანიამ მოაწერა, თუმცა ღარიბაშვილის ჩარევით თანამდებობაზე ძოძუაშვილი აღადგინეს. თავდაცვის უწყებიდან ალასანიის წასვლის შემდეგ „დელტა“ მიზანში თინა ხიდაშელმა ამოიღო, რომელიც ძოძუაშვილის მიმართ უკმაყოფილებას საჯაროდაც არ მალავდა, თუმცა ამჯერადაც საქმეში ირაკლი ღარიბაშვილი ჩაერია, რომელსაც, როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, თავდაცვის მინისტრთან საკმაოდ მწვავე საუბარი ჰქონდა. ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ კი ხიდაშელმა უჩა ძოძუაშვილს კიდევ ერთხელ შეუტია – ამჯერად კახეთის დასეტყვის საბაბით და თავისი დიდი ხნის სურვილი სისრულეში მოიყვანა“,- განუცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა „პრაიმტაიმს“.
ამის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსს, თამარ კაციტაძეს დაუკავშირდა, რომელმაც მოკვლევის დასრულებამდე უჩა ძოძუაშვილის გათავისუფლების მიზეზი განმარტა.
„სამართლებრივად, მოკვლევა რომ დაიწყება, პასუხისმგებელი პირი დროებით უნდა გადადგეს, რათა მოკვლევას ხელი არ შეეშალოს. მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ თუ არაფერი გამოიკვეთება, ის ჩვეულებრივ აღდგება სამსახურში“,-განაცხადა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები