ე.წ. კაბელების საქმის პროკურორი: გამოძიების შემდგომ ეტაპზე შესაძლოა, ირაკლი ალასანიაც დაიკითხოს

„ე.წ. კაბელების საქმის გამოძიების შემდგომ ეტაპზე შესაძლოა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანიაც დაიკითხოს“,- ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმს“ „კაბელების საქმის“ პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა განუცხადა.
როგორც გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში საქმის პროკურორი აცხადებს, გამოძიების ამ ეტაპზე პროკურატურამ ყოფილი მინისტრის დაკითხვა საჭიროდ არ ჩათვალა, რადგან, მისივე თქმით, მტკიცებულებები იმდენად მყარია, რომ მისი დაკითხვის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დამდგარა.
„ზოგადად, თუ საქმეში არსებობს რაიმე პასუხგაუცემელი კითხვა, ამ შემთხვევაში ჩვენ დასაკითხად ვიწვევთ ამა თუ იმ მოწმეს. თუ ამის საჭიროება იქნებოდა, ჩვენ, ცხადია, დავუსვამდით კითხვებს ბატონ ალასანიასაც, მაგრამ ამ ეტაპზე მტკიცებულებები იმდენად მყარი გახლდათ, რომ მისი დაკითხვის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დამდგარა. ძალიან უცნაურია,როდესაც ამაზე აპელირებენ ადვოკატები და ამბობენ, რომ თითქოს ალასანია არ დავკითხეთ, რადგან ამით დაცვის მხარის სასარგებლო ჩვენება დავმალეთ. როგორც ჩანს, მათ ავიწყდებათ, რომ ადვოკატებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ყველა კანონით გათვალისწინებული მეთოდით დაეცვათ ბრალდებულთა ინტერესები. თუ მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ალასანიას შეეძლო მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიცემა სასამართლოსთვის, რაც ბრალდებულების სასარგებლოდ გამოდგებოდა, დაეკითხათ და სასამართლოშიც გამოეძახებინათ მოწმის სტატუსით. მათ ამის სრული შესაძლებლობა და ვალდებულებაც კი ჰქონდათ. ჩვენ ამ ეტაპზე არ ჩავთვალეთ საჭიროდ. შესაძლოა, გამოძიების შემდეგომ ეტაპზე მისი დაკითხვაც მოხდეს, თუკი ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ალასანიას რაიმე მნიშვნელოვანი ჩვენების მიცემა შეეძლო ბრალდებულების სასარგებლოდ. რატომ არ წარადგინეს ის სასამართლოში?!“,-განაცხადა პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები