ნოდარ ჯავახიშვილი: ლარის მკვეთრი გამყარების საფუძველი არ არსებობს

ლარის კურსის ნახტომისებური გამყარება ეკონომიკის განვითარებისათვის კარგი სულაც არ არის, – ასე აფასებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ლარის კურსის ჩქარი ტემპით გამყარების კომენტირებისას.
„არ ვარ ჩახედული, რატომ დადგა ამის აუცილებლობა, ან რა ფაქტორები განაპირობებენ ეროვნული ვალუტის გამყარებას, თუმცა, როდესაც ქვეყნის სავაჭრო ბალანსის ძირეული გაუმჯობესება არ ხდება, ეს ნიშნავს, რომ ლარის მკვეთრი გამყარების საფუძველი არ არსებობს. ნებისმიერი მიმართულებით ეროვნული ვალუტის მკვეთრი ცვლილება ეკონომიკას არ წაადგება“, – მიაჩნია მინისტრს.
შეკითხვაზე, არის თუ არა ლარის გამყარების პროცესი ხელოვნური, მინისტრს მიაჩნია, რომ ამ შეკითხვას პასუხი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნდა გასცეს, რადგან ამ საკითხს დეტალური ანალიზი სჭირდება.
„საფრანგეთის საელჩოში მიღებაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შევხვდი, რომელიც თავის დროზე ჩემი თანამშრომელი იყო. ვთხოვე, რადგან დაიწყო უკუპროცესი, შეეცადე ნახტომისებური სვლა არ დაუშვა-მეთქი. სჯობს, საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ ლარის გამყარების ნელი ტენდენცია არსებობს, ეს საზოგადოებისა და სამეწარმეო სუბიექტების ნდობას ლარისადმი აამაღლებს და რეზერვიც ავტომატურად გაიზრდება. თუ ლარი მცირედით, მაგრამ პერმანენტულად გამყარდება, მოქალაქეები, რომლებიც დოლარს შეშინებულები ინახავდნენ, უცხოური ვალუტის გაყიდვას დაიწყებენ. ეს ქვეყანაში დადებით ტრენდს შექმნის“, – აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.
მინისტრი მიიჩნევს, რომ ცუდი არაფერია იმაში, თუკი ლარის ნახტომისებური გამყარება ხელოვნურად შეჩერდება, რადგან გამორიცხული არ არის, დოლარმა მატება ისევ დაიწყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები