თურქეთში არჩევნები ტარდება
თურქეთში მუნიციპალური არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევო უბნები უკვე გაიხსნა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. არჩევნებთან დაკავშირებით, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. გუშინ, ღამის 12 საათის შემდეგ ქვეყანაში აიკრძალა ალკოჰოლის გაყიდვა და მოხმარება, ხოლო სტამბულში პროცესის მშვიდობიან გარემოში ჩატარებას 40 ათასი პოლიციელი უზრუნველყოფს.
ქვეყნის მოქალაქეები დღეს გუბერნატორებს, მერებს და რეგიონული საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებს აირჩევენ. პროცესში მონაწილეობას სულ 26 პარტია და 52 მილიონი ამომრჩეველი იღებს.
არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა. მისი თქმით, თუკი მისი პარტია წააგებს, მზადაა თანამდებობა დატოვოს.
არჩევნებს სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების დამკვირვებლებთან ერთად უცხოელი დამკვირვებლებიც ადევნებენ თვალყურს. ამ დროისთვის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს დღეს საღამოს გამოაცხადებს.