თეა წულუკიანს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს არ დაადებს

იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს არ დაადებს. მინისტრი მიიჩნევს, რომ ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა გასულ კვირაში მიიღო, საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელს გახდის. აღნიშნული განცხადება თეა წულუკიანმა წყალტუბოში იუსტიციის სამინისტროს ღონისძიებაზე გააკეთა.
„როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გაეცნობა ამ კანონს, მე იმედი მაქვს, ის თავად დარწმუნდება იმაში, რომ ამ კანონში, როგორც თავად ვნახე, არის ძალიან ბევრი სიახლე და ბევრი ნაბიჯი გადადგმული იქითკენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იყოს დამოუკიდებელი -აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, დამოუკიდებელი – პარლამენტისგან, დამოუკიდებელი – თავად პრეზიდენტისგან და რომ თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები გაძლიერდნენ, პროცედურები გაჯანსაღდეს და, მაგალითად, დაინერგოს სხვებთან ერთად საქმეთა ელექტრონული განაწილების პრინციპი, როგორც ეს ჩვენ შევთავაზეთ თავის დროზე საერთო სასამართლოების სისტემას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბარში.
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტზე ჩემი განწყობა არის უარყოფითი, როდესაც კანონი ჩემთან მოვა, მაშინ იქნება კონკრეტული ვერდიქტი ჩემი მხრიდან, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს. პრეზიდენტისთვის გაუგებარია, რატომ მიიღო პარლამენტმა კანონში ცვლილებები დაჩქარებულად.
“როგორც კი ეს პროცესი დაიწყო, ჩემი და ჩემი გუნდის მხრიდან დაისვა კითხვა, რა საჭიროებას წარმოადგენდა კანონის ასე ფორსირებულად, სწრაფ რეჟიმში გატანა; რატომ არ ეგზავნება პროექტი ვენეციის კომისიას, რატომ არ არიან ჩართულნი ამ დისკუსიაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლები”,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “რიონის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები