„საერთო გაზეთი“: ბურჭულაძემ ამომრჩეველს „ნაციონალების“ განცხადებების ციტატები შესთავაზა

მიხეილ სააკაშვილი საარჩევნოდ ახალი პოლიტიკური ოპერის დადგმას აპირებს, რომლის კომპოზიტორიც, ლიბრეტოს ავტორიც და დირიჟორიც თვითონ არის. ამის შესახებ „საერთო გაზეთში“ დაბეჭდილ სტატიაშია ნათქვამი.
სტატიის ავტორის თქმით, მომღერლებიც შერჩეულია და დეკორაციებიც დამზადებულია და რაც უპირველესია, მთავარ როლზე უკვე დამტკიცებულია ცნობილი რუსი ბანი პაატა ბურჭულაძე“.
როგორც სტატიის ავტორი წერს, სააკაშვილი და სხვა „ნაციონალები“ ამ ინფორმაციას დიდი ხნის მანძილზე საიდუმლოდ ინახავდნენ, მაგრამ ყველაფერს ფარდა მას შემდეგ აეხადა, რაც პაატა ბურჭულაძე პოლიტიკური განცხადებით წარდგა ქართველი ხალხის წინაშე და ამ განცხადებაში „ნაციონალების“ მიერ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაკეთებული განცხადებებიდან უნიჭოდ ამოკრეფილი ციტატების ერთგვარი კოლაჟი შესთავაზა ამომრჩეველს.
სტატიაში მოყვანილი და გაკრიტიკებულია პაატა ბურჭულაძის კონკრეტული ციტატები, რომლებიც შედარებულია „ნაციონალების“ ტექსტებთან.
ჟურნალისტი ბურჭულაძეს აკრიტიკებს იმის გამო, რომ ის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 25-წლიან პერიოდში ცალკე არ ჰყოფს მიხეილ სააკაშვილის 9-წლიან პერიოდს და ყველაფერს აერთიანებს.
სტატიის ავტორის თქმით, „რუსი ბარიტონი“ ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ საქართველოს არ აქვს მიზანი, არ აქვს მიმართულება და არ გეგმავს მომავალს.
„მერე რა, რომ „ნაციონალებივით“ ხმამაღლა არ ყვირიან და არ აპიარებენ, განა ფაქტი არ არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ ოთხ წელიწადში ორჯერ და სამჯერ მეტი საქვეყნო საქმე გააკეთა, ვიდრე „ნაცმოძრაობამ“ მთელი ცხრა წლის განმავლობაში“, – წერს სტატიის ავტორი და საუბრობს საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმასა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გამოსწორებულ ვითარებაზე.
„სუფთა ფურცელია თუ პალიმფსესტი, სადაც „ნაცმოძრაობის“ ავკაცობის ამსახველი ძველი ტესქტი საღებავის სქელი ფენით იქნება დაფარული, ზედ კი მსხვილი ასოებით დაეწერება ბურჭულაძის დევიზი „სახელმწიფო ხალხისთვის“, რომელმაც რატომღაც ლენინი და პროლეტარიატის დიქტატურა გამახსენა. ერთი შეხედვით, სად ლენინი და სად ბურჭულაძე, მაგრამ თუ ყურადღებით წაიკითხავთ ბურჭულაძის „პოლიტიკურ მანიფესტს“, ადვილად მიხვდებით, რომ არც მთლად უმაგისობაა. ესაა დროის კონტექსტიდან ამოგლეჯილი, შარლატანური, პოპულისტური იდეებით გაჯერებული ტექსტი, რომლის ავტორი თვითონვე იხლართება და იბლანდება ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებში. ერთადერთი რამ, რაც „მანიფესტის“ ავტორმა ზუსტად იცის, ისაა, რომ როგორმე გაათეთროს და პასუხისმგებლობა მოუხსნას უამრავ დანაშაულში ბრალდებულ „ნაცმოძრაობას“, თუმცა ამასაც ძალზე უნიჭოდ და უხეიროდ აკეთებს“, – ნათქვამია სტატიაში.
ჟურნალისტის აზრით, პაატა ბურჭულაძემ ამ მცირე ხნის განმავლობაში იმდენი სულელური განცხადება გააკეთა, დაამტკიცა, რომ მისგან პოლიტიკოსი ვერ დადგება. სტატიის ავტორის სიტყვებით, “ვირეშმაკობაში დაოსტატებული მედიასაშუალებები ცდილობენ, საქმე ისე წარმოაჩინონ, თითქოს პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში შემოსვლით ორი დიდი ქველმოქმედი დაუპირისპირდა ერთმანეთს”.
მისი თქმით, ამ ორიდან ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება მან ნამდვილად იცის, ბურჭულაძე კი საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზატორი და მენეჯერია და საერთოდ ივანიშვილთან ბურჭულაძის ხსენება, როგორც ქველმოქმედის, მას სასაცილოდ მიაჩნია.
ჟურნალისტის განცხადებით, აქა იქ უკვე გაისმა მოთხოვნები, შემოწმდეს პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდის საქმიანობა და გამოითქვა ეჭვი, რომ იქ „შავი ფული“ ირეცხებოდა და თანხის დიდი ნაწილი ქველმოქმედებას კი არა, კომერციულ საქმიანობას ხმარდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები