რეზო ამაშუკელი: ეგ ქოსა მაიმუნი, მინისტრი რომ ჰქვია, კულტურის მინისტრი არ უნდა იყოს!
“მიშა გიორგაძე კულტურის მინისტრი არ უნდა იყოს“! – ამის შესახებ პოეტი რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
პოეტი პირადად მიხეილ გიორგაძისა და კულტურის სამინისტროს მიმართ განაწყენებულია და შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ იშურებს.
მისი თქმით, იგი 24 ივნისს იუბილის აღნიშვნას არ აპირებს, თუმცა 31 მაისს შ.რუსთაველის დიდ დარბაზში პოეზიის საღამოს გამართავს.
„ამ ამღვრეულ დროში, როცა ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, რა დროს იუბილეებია? პოეზიის საღამოც არ მინდოდა, მაგრამ მეგობრები არ მომეშვნენ! ამიტომაც 31 მაისს, რუსთაველის დიდ დარბაზში გავმართავ პოეზიის საღამოს. მოსაწვევები სპეციალურად არ დავნომრე, იმიტომ რომ ვისაც სად გაუხარდება, იქ დაჯდეს. მოსაწვევი არავისთვის გამიგზავნია. ვისთანაც ვმეგობრობ და ვისაც პატივს ვცემ, იმათ დავპატიჟებ, სხვა არავინ მჭირდება!
ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს დავურეკავ და თუ მოვლენ, გამიხარდება, პარლამენტშიც არის რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც დავპატიჟებ! ვინ მაქცევს ყურადღებას? ყველა ჩემი მტერია! კულტურის სამინისტროსგან ისედაც არაფერი მჭირდება, იმიტომ რომ მაგათი მოსახედი არაფერი მჭირს. მაგ ქოსა მაიმუნმა, მინისტრი რომ ჰქვია, ლაშა ბაქრაძეს მიხედოს, კონტრაბასები ათრიოს წინ და უკან და ფული ათეთროს. მე ვიცი ერთადერთი რამ – ეგ მიშა გიორგაძე კულტურის მინისტრი არ უნდა იყოს! მისი მინისტრობა საქართველოს და ქართული კულტურის დიდი სირცხვილია! “ – აცხადებს რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.