რეზო ამაშუკელი: პაატა სააკაძეს შაჰ-აბასმა მოჰკვეთა თავი, პაატა ბურჭულაძემ კი თავი თვითონვე მოიჭრა

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ პროექტი – „პოლიტიკოსი ბურჭულაძე“ – დიდი აფერაა! – აცხადებს პოეტი რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
როგორც პოეტი ინტერვიუში აღნიშნავს, მას გული სწყდება, რომ ექიმი ლადო კახიძე ბურჭულაძის პარტიაში გაწევრიანდა.
ამასთანავე, ამაშუკელი ხათუნა ლაგაზიძესაც აკრიტიკებს, რომელიც ასევე ბურჭულაძის თანაგუნდელი გახდა.
„პაატა სააკაძეს შაჰ-აბასმა მოჰკვეთა თავი, პაატა ბურჭულაძემ კი თავი თვითონვე მოიჭრა. ძალიან მწყდება გული, რომ ბურჭულაძის გუნდში დავინახე ლადო კახაძე, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ! იმედი მაქვს, რომ შეცდომაშია შეყვანილი და ყველაფერს მალე მიხვდება!
ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ლადო კახაძე და „ბროლის ბუ“ ხათუნა ლაგაზიძე ერთ გუნდში იყვნენ?“ – აცხადებს რეზო ამაშუკელი გამოცემასთან.
ამავე ინტერვიუში რეზო ამაშუკელი სოსო ცისკარიშვილთან დიალოგს იხსენებს და აფრთხილებს, რომ ცოტა ფრთხილად იყოს და თავი შეიკავოს პოეტის მიმართ გაკეთებული განცხადებებისგან.
„ამას წინათ, სოსო ცისკარიშვილს ენა წაუგდია და ჩემზე უთქვამს – ამაშუკელი ბიძინას ივანიშვილის რუპორიაო! მე მხოლოდ ჩემი სამშობლოს რუპორი ვარ და ვცდილობ, ჩემს ქვეყანას ბოლომდე დავუდგე გვერდით, როგორც შემიძლია!
თუ ბიძინა ივანიშვლზეა ლაპარაკი, მაგ კაცმა მე სიკვდილს გადამარჩინა, სიცოცხლე მაჩუქა და რაც მთავარია, ქართველი ხალხი 30-წლიანი საკონცეტრაციო ბანაკისგან იხსნა! მაგ სოსო ცისკარიშვილს ვეუბნები – ცოტა ჭკვიანად იყავი! შენს ღვიძლ ძმებს – კოტე გაბაშვილს და თამაზ კვაჭანტირაძეს მიხედე! ვაფრთხილებ – ერთხელაც მახსენებ სადმე და მერე გაზეთით კი არ დაგიწყებ ლაპარაკს, სხვანაირად მოგთხოვ პასუხს! კარგად მიცნობ და, იცი, რასაც ვგულისხმობ!“ – ამბობს რეზო ამაშუკელი.
პოეტის ინფორმაციით, დღეს საქართველო პოლიტიკურად უმძიმეს მდგომარეობაშია.
„საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ეს ქვეყანა ახლა ან გადარჩება, ან იმაზე უარესი დაემართება, რაც სააკაშვილმა უქნა“, – აცხადებს რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები