გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას, რომ მტკიცედ ვადგავართ დემოკრატიის გზას

„ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას, რომ მტკიცედ ვადგავართ დემოკრატიის გზას და ეს უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში, იმით, რომ პარტიის შიგნით დავიცავთ დემოკრატიულ ღირებულებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპორტის სასახლეში, პარტია ”ქართული ოცნების” თავჯდომარედ არჩევის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, დემოკრატიული მმართველობა ევროპული ქვეყნების ცხოვრების წესია და ჩვენც სწორედ აქეთ მივდივართ.
”პირველ რიგში, ეს აუცილებლად გულისხმობს მკაცრ პარტიულ დისციპლინას და თითოეული წევრის პასუხისმგებლობას. პარტიის ერთიანი ხედვა ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე მისაღები უნდა იყოს ყველასთვის, ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამ ხედვას და დავემორჩილოთ გუნდის გადაწყვეტილებებს. ეს არის პარტიის სიმტკიცის გარანტია, მით უმეტეს, როცა მას ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა აქვს აღებული”, – მიმართა პარტიის ახალმა თავმჯდომარემ დელეგატებს.
კვირიკაშვილის განცხადებით, მათ უნდა დაანახონ ყველას, რომ აერთიანებთ მკვეთრად გამოხატული მისწრაფებები და აქვთ ერთიანი პოლიტიკური ხედვა როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით.
”ჩვენი პარტიის საგარეო-პოლიტიკური ვექტორი სრულად ემთხვევა ქართველი ხალხის ისტორიულ ნებას, იყოს ევროპის ნაწილი და ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს ჩვენი მსოფლმხედველობრივი ერთობაა ევროპასთან, ეს არის ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ, უსაფრთხოებისკენ, მეტი შესაძლებლობებისკენ, თითოეული ჩვენი მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისკენ. სწორედ ამიტომ გვაქვს გეზი აღებული ევროკავშირისა და ნატო-სკენ და ამ გეზს არ გადავუხვევთ”, – აღნიშნა პრემიერმა, რომელმაც დასავლელ მეგობრებს, ევროკავშირს, ამერიკის შეერთებული შტატებს ჩვენი ქვეყნის გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები