დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება

დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება, რომელიც”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების მიზნით დაიგეგმა.
სესიის დანიშვნის საკითხზე გუშინ, 21:00 საათზე პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩატარდა, რომელიც ხმაურით მიმდინარეობდა. ოპოზიციამ – ”თავისუფალი დემოკრატებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა მოითხოვეს, არ მიეღოთ საბოლოო მოსმენით კანონპროექტი, რომლის საბოლოო ვარიანტს, მათივე განცხადებით, არავინ იცნობს. საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებების განხილვას პარლამენტი კიდევ ერთ უქმე დღეს უთმობს, საკითხის მიმართ მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესს ადასტურებს.
”გინდათ, რომ ძღვენი მიუტანოთ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს ყრილობაზე. ცდილობთ, დაანგრიოთ საკონსტიტუციო სასამართლო სისტემა“, – განაცხადა სერგო რატიანმა.
რატიანის ამ განცხადებას დეპუტატებს შორის ხმაური მოჰყვა. უმრავლესობის წარმომადგენელმა გია ჟორჟოლიანმა რატიანს საუბრის შეწყვეტა მოსთხოვა. ”მოკეტეთ და გააჩერეთ საუბარი. თქვენ არ გაქვთ უფლება, ხმა ამოიღოთ საერთოდ“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კოლეგებს დამშვიდებისკენ მოუწოდა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ბიურო 09:45 საათზე გაიმართება. დღესვე ჩატარდება პლენარული სხდომაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები