პარლამენტმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები – 83 ხმით, 4-ის წინააღმდეგ , მეორე მოსმენით მიიღო. ასევე მიღებულია ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი.
კანონპროექტის ინიციატორი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია. აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი ძირითადი სიახლე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის არჩევის პროცედურებს უკავშირდება. პროექტის კორექტირებული ვარიანტით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის ფიცის დადებიდან, ან საკონსტიტუციო სასამართლოს თამჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, პლენუმის სხდომა ჩატარდება, რომელიც 5-წლის ვადით აირჩევს საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. ამავე წესით აირჩევს მის ორ მოადგილეს. სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენის უფლება თავად საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება – თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევაში აღარ ჩაერთვება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამარლოს თავმჯდომარე და კანდიდატურას თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები წარადგენენ.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან მის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, მეორე ვადით.
კიდევ ერთი პრინციპული საკითხი იმ მოსამართლეებს ეხებათ, რომელთაც კონსტიტუციური უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურებათ. გარდა ამისა, მეორე მოსმენით კორექტირებულ ვარიანტში განისაზღვრა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში სასამართლოს ვებგვერდზე ატვირთვისთანავე შევა, ნაცვლად ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისა. მანამდე კენჭი საპარლამენტო ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ საკანონმდებლო წინადადებებს ეყარა და ყველა მათი შეთავაზება ”ჩავარდა”.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა სერგო რატიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს მავნებლური უწოდა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის განხილვა გუშინდელ სხდომაზე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები