ცესკო-მ ქორწინების საკითხზე სარეფერენდუმო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საინიციატივო ჯგუფს და მის მიერ შემოთავაზებულ სარეფერენდუმო საკითხს „თანახმა ხართ თუ არა, საქართველოს კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომ ქორწინება წარმოადგენს ოჯახის შექმნის მიზნით კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის?” უარი უთრა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს ცესკოს სხდომაზე იმსჯელეს. სხდომაზე მიიღეს განკარგულება, რომელშიც აღნიშნულია, რომ რეფერენდუმი არის საერთო-სახალხო გამოკითხვა, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივ საკითხებზე ტარდება.
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პრინციპის დონეზე, თუ სარეფერენდუმო საკითხის ფორმულირება შინაარსით შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, რეგისტრაციაში ატარებს სარეფერენდუმო საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებისათვის ხელმოწერების შეგროვების მიზნით საინიციატივო ჯგუფს. მოცემულ შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფი (ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძის, ზვიად ტომარაძის, კახაბერ მიგინეიშვილის შემადგენლობით) და მის მიერ სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი ვერ იქნება რეგისტრაციაში გატარებული ცესკოს მიერ, რადგან სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი ეხება არა მხოლოდ რეფერენდუმის გზით საინიციატივო ჯგუფის მიერ შემოთავაზებულ პრინციპზე გადაწყვეტილების მისაღებად ხალხის აზრის გაგებას, არამედ, ამავდროულად, საკითხის მოცემული ფორმულირებით რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, ხალხის მიერ მიღებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, რომ მიღებულ იქნას ამ პრინციპის მატარებელი ახალი კონსტიტუციური კანონიც, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 172-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის და საქართველოს ორგანული კანონის „რეფერენდუმის შესახებ“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის მოთხოვნებს. შესაბამისად, მოცემული სარეფერენდუმო საკითხის და შესაბამისი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული პირდაპირი საფუძველია”, – აღნიშნულია ცესკოს განკარგულებაში.
განკარგულებაში წერია, რომ სარეფერენდუმო კითხვაში კანონის მიღების ან გაუქმების მოთხოვნით დასმული საკითხის რეგისტრაციაში გატარებისა და რეფერენდუმის ამ შინაარსით გამართვის შემთხვევაში, დაირღვევა ქვეყნის კონსტიტუციური მართლწესრიგი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები