გიორგი კვირიკაშვილი: ნატოს სამიტზე ჩვენ ველით ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებას  

საქართველოს მიზანია ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება, ხოლო საბოლოო ამოცანაა ევროკავშირში და თავისთავად, ნატოში გაწევრიანება; მსურს, ვუთხრა ნებისმიერს, ვინც საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით სპეკულირებს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ესაა საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება, რაც რამდენჯერმე დადასტურდა გამოკითხვებისა და რეფერენდუმის მეშვეობით, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლონდონში, ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში, ანალიტიკოსებთან შეხვედრისას გააკეთა.
პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა საზოგადოების, ამომრჩევლის ნებას ასრულებს და ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის აღიარებას და ნატოსთან თანამშრომლობის არსებული ფორმატების გაფართოებას ელოდება.
„საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის კუთხით ამ მიზნებს ალტერნატივა არ გააჩნია.  განვითარება დამოკიდებულია რეგიონალურ სტაბილურობასა და მშვიდობაზე. საქართველო მონაწილეობს ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” ავღანეთში. საქართველო ამ მისიის მეორე უდიდესი კონტრიბუტორი ქვეყანაა. ჩვენ თანმიმდევრულები ვართ ავღანეთის, ცენტრალური აფრიკისა და მალის მისიებში მონაწილეობის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი თავსებადობა ნატოს ჯარებთან”, – განაცხადა პრემიერმა და ამ კონტექსტში ისაუბრა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე, „ღირსეული პარტნიორი 2016″, რომელიც ქართველი სამხედროების ნატოს ჯარებთან თავსებადობისა და საექსპედიციო შესაძლებლობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები