მანანა კობახიძე: ყრილობაზე არავითარი სიის პრეზენტაცია არ მოხდება

ხვალ პარტია ,,ქართული ოცნების“ ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა იქნება არჩეული და არავითარი სიის პრეზენტაცია არ მოხდება.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, ხვალ ყრილობა აირჩევს პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად იქნებიან ახალი წევრები, თუმცა პარტიაში მემკვიდრეობა უნდა იყოს დაცული.
„რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭოში ძველი წევრებიც შენარჩუნდებიან. როგორი იქნება პოლიტსაბჭო, საზოგადოება ამას უკვე ხვალ ნახავს. პოლიტსაბჭოს შემადგენლობაზე მუშაობდა პარტიის პოლიტსაბჭო და პარტიის ლიდერი, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ თავმჯდომარედ. ხაზი უნდა გავუსვა, რომ ხვალ ყრილობაზე არავითარი სიის პრეზენტაცია, არავითარი კანდიდატების დასახელებაც არ მოხდება. ეს იქნება საარჩევნო კამპანიის ნაწილი. რაც შეეხება ყოფილ პრემიერს, ის პოლიტსაბჭოს ფორმირებაში ჩართული არ იყო“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, ხვალინდელ ყრილობაზე სტუმრის სტატუსით მიწვეულია თუ არა საქართველოს პრეზიდენტი, კობახიძის განმარტებით, ეს პარტიის გადასაწყვეტია და შესაძლებელია, პრეზიდენტი ყრილობაზე მიწვეული არ იყოს.
,,ეს პარტიის გადასაწყვეტია. შესაძლებელია არც იყოს პრეზიდენტი ყრილობაზე მიწვეული. მე არ ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია. ეს არც პრეზიდენტს დააკლებს რამეს და არც ჩვენ მოგვიმატებს”, – აღნიშნა მანანა კობახიძემ.
ხვალ პარტია ,,ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები