გია ვოლსკი: დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საბოტაჟს ეწევა

დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ განაგრძობს საბოტაჟს, – ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
ვოლსკის შეფასებით, უმცირესობის წარმომადგენლების მხრიდან სხდომაზე გამოცხადებული პროცედურული ომის მიზანი იყო ის, რომ ვერც საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის განხილვა და ვერც სუს-ის ხელმძღვანელის მოხსენების მოსმენა ვერ მომხდარიყო.
„გუშინ “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან, რომლებიც აპირებდნენ პარტიულ ღონისძიებაზე წასვლას, შევთანხმდით, რომ მივცემდით საშუალებას, დასწრებოდნენ ამ ღონისძიებას და დავიწყებდით სხდომას 14:00 საათზე. ჯერ განვიხილავდით საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს, შემდეგ კი მოვისმენდით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენებას. სწორედ ამ დროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, დაუფარავად, ყველას წინაშე საჯაროდ გამოაცხადა, რომ აპირებენ საპროცედურო ომს. მიუხედავად სხდომის წამყვანის არაერთგზის მცდელობისა, რომ კონსტრუქციულ ჩარჩოში მოექცია პროცესი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოტაჟის რეჟიმს არც დღეს უღალატა. მე ვერ დავარქმევდი მათ ქმედებებს საპროცედურო ომს. ეს რეალურად საბოტაჟს ჰგავს, ყველაზე გასაკვირი ისაა, როცა აცხადებენ, რომ ამ საკითხის გაჭიანურება შედის ჩვენს ინტერესებში, რათა არ მოვუსმინოთ ვახტანგ გომელაურს. რა სჭირს გომელაურს ისეთი, რომ ვინმეს არ უნდოდეს მისი მოხსენების მოსმენა?! „ნაციონალური მოძრაობა“ რომ საბოტაჟის რეჟიმში მუშაობს, როცა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები იხილება, ამას დიდი ახსნა არ სჭირდება. დღეს მხოლოდ ვახტანგ გომელაურის უწყების ანგარიში არ იდგა დღის წესრიგში, ასევე დღის წესრიგში დგას ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა „მიწის შესახებ კანონი“, ასევე საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებული საკითხები. ეს ყველაფერი მათ იციან, თუმცა საბოტაჟის რეჟიმში მოქმედებას განაგრძობენ “, – განუცხადა „კვირას“ გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები