გიორგი კვირიკაშვილი: ვარშავის სამიტზე მკაფიოდ დაფიქსირდება საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანს მაიკლ ფალონს შეხვდა.
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ნატო-ს ვარშავის სამიტი და ორმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის თავდაცვის სფეროში, საუბრის მთავარი თემები იყო.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების მხარდაჭერას საქართველოს შეიარაღებული ძალების სწავლებისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში.
გამოითქვა იმედი, რომ ნატო-ს ვარშავის სამიტზე მკაფიოდ დაფიქსირდება საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთის მთავრობას ასევე მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახის გახსნაში მხარდაჭერისთვის.
პრემიერ-მინისტრმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანი საქართველოში, დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მიიწვია და იმედი გამოთქვა, რომ დიდი ბრიტანეთი მაღალი დონის დელეგაციით იქნება წარმოდგენილი თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც თბილისში 24-25 მაისს გაიმართება.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს 2016-2017 წლების ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმაზე, რომელიც ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2016 წლის თებერვალში გაფორმდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ბრიტანეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა ყურადღება დაუთმეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა დემოკრატიის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის ყველაფერს აკეთებს და, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობის მიმართულებით, რეფორმებს განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები