მანანა კობახიძე: თუ რადიკალურად განსხვავდება შენი პირადი მოსაზრებები გუნდისგან, მას უნდა გაემიჯნო

არავითარი კითხვის ნიშანი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან, პროდასავლურ კურსთან დაკავშირებით არ უნდა დაისვას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ „2030“-ში განაცხადა.
მეჭიაურის თქმით, მეჭიაურის განცხადება უნდა იყოს განხილული, როგორც ერთი ინდივიდუალური დეპუტატის პოზიცია.
„არავითარი კითხვის ნიშანი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან, პროდასავლურ კურსთან დაკავშირებით არ უნდა დაისვას. ეს უნდა იყოს განხილული, როგორც ერთი ინდივიდუალური დეპუტატის პოზიცია, რომელსაც ჩვენ არ ვიზიარებთ და თუკი მან შეიცვალა მოსაზრება ქვეყნის კურსთან და ნატოსთან დაკავშირებით, არ ვეთანხმებით იმას, რომ ასეთი პოზიციები საჯაროდ იყოს გაცხადებული. განსხვავებულ აზრს ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
კობახიძის აზრით, როდესაც დეპუტატს მისი გუნდისგან განსხვავებული მოსაზრება უჩნდება, ის ამ გუნდს უნდა გაემიჯნოს.
„თუკი მას ასეთი განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა, რატომ არ იყო მანამდე გაჟღერებული?! მანამდე, როცა ჩვენ ნატოსთან ამ გაფართოებულ პაკეტზე შევთანხმდით.
ცოტა მიკვირს, რატომ მოხდა ეს მაინცდამაინც ახლა, არჩევნების წინ. მე არ ვიცი, თამაზ მეჭიაური რას გეგმავს და როგორი იქნება მისი პოლიტიკური არჩევანი ხვალ, თვითონაც, მე მგონი, ეს ჯერ არ ჩამოუყალიბებია. თუ რადიკალურად განსხვავდება შენი პირადი მოსაზრებები გუნდის ოფიციალურად გაცხადებული პლატფორმისგან, ბუნებრივია, თავად პრობლემა გექმნება და ლოგიკურია, ამ გუნდს უნდა გაემიჯნო. ეს ნორმალურია, როცა შენ უმრავლესობის აზრს აღარ იზიარებ, ან ვერ იზიარებ. როცა ის პრინციპულად მოდის წინააღმდეგობაში ძალიან მნიშვნელოვან, სტრატეგიულ საკითხებთან, აქ უნდა გაირკვეს, ბოლო-ბოლო, სად ხარ, ხარ ისევ ამ გუნდთან თუ რაღაც სხვა არჩევანს აკეთებ. ვფიქრობ, ეს გაურკვევლობა დიდხანს შეიძლება არ იყოს. ამას ნამდვილად გაარკვევს პარტია საკუთარ წევრებთან“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები