“ველოდებით, რომ ამერიკის კონგრესი საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მალე მიიღებს”

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის, არამედ აშშ-ის კონგრესის მხრიდანაც იყოს მხარდაჭერილი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ტედ პოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებულ დადებით შეფასებებს.
მისი თქმით, ტედ პომ გასული წლის ოქტომბერში, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის დროს ვაშინგტონში, დემოკრატ კონგრესმენთან ერთად, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი დააფუძნა.
„ამ ჯგუფის აქტივობა იზრდება ყოველდღიურად, ასევე კონგრესიდან სხვა მეგობრები აქტიურად აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ინტერესდებიან საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობით. ჩვენ ყოველი ვიზიტის დროს ვახდენთ მათ ინფორმირებას, ასევე იმართება შეხვედრები. გიორგი კვირიკაშვილის ბოლო ვიზიტის დროსაც, ჩემი ვიზიტის დროსაც, შეხვედრები გავმართეთ მეგობართა ჯგუფთან“,-განაცხადა ჯანელიძემ.
მისივე ინფორმაციით, მეგობარი ჯგუფის წევრი კონგრესმენების ვიზიტი საქართველოში ზაფხულში იგეგმება. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ მეგობართა ჯგუფის და კონგრესმენ ტედ პოს მხრიდან მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირება, რომელიც ასევე განიხილება კონგრესში.
„ჩვენ ველოდებით, რომ მალე მოხდება ამ რეზოლუციის მიღებაც“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ტედ პოს განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების მნიშვენლობას.
„ძალიან მნიშვნელოვანია ეს განცხადებები, რომლებიც კიდევ ერთხელ ხელს უწყობს და აძლიერებს ჩვენს პოზიციებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის და შერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით.
ცალსახად აღნიშნავს კონგრესმენი ტედ პო, რომ საქართველო არის ლიდერი დემოკრატიული ტრანსფორმაციის კუთხით, ასევე, ყველა იმ მიმართულებით, რომელიც დემოკრატიულ განვითარებას ეხება. ეს არის – კანონის უზენაესობა, მედიათავისუფლება, ეკონომიკური თავისუფლება თუ ა.შ. ის არამარტო ჩვენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს, არამედ ასევე მოუწოდებს, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ჩვენთვის აღნიშნული შეფასებები არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობას ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით”, – განაცხადა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები