“რუსეთმა კარგად იცის, რომ საქართველო არის რეგიონში დემოკრატიის სიმბოლო”

აშშ-ის კონგრესში გამოსვლისას კონგრესმენმა თედ პომ განაცხადა, რომ თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს და მისი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებში შედის.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატოში მისმა მოკავშირეებმა უნდა გამოიჩინონ სიმტკიცე და მხარი დაუჭირონ საქართველოს.
რუსეთზე საუბრისას კონგრესმენმა თედ პომ, რომელიც საქართველოს მეგობრობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა, აღნიშნა, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა და მის საზღვრებს პატივისცემით უნდა მოეპყრას ყველა, თავად პუტინიც კი.
„რუსეთმა კარგად იცის, რომ საქართველო არის რეგიონში დემოკრატიის სიმბოლო. სწორედ ამიტომ აგრძელებს პუტინი იარაღის ჟღარუნს მთელ რეგიონში. დიქტატორმა პუტინმა იცის, რომ თუკი საქართველო იქნება წარმატებული დემოკრატიის მაგალითი, საქართველოს მეზობლებსაც გაუჩნდებათ მიბაძვისა სურვილი და უფრო დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნისკენ სწრაფვა. თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს და მისი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის“, – აღნიშნა თედ პომ.
მან კონგრესში გამოსვლა აშშ-ის პრეზიდეტნ ჯონ კენედის სიტყვებით დაასრულა, და განაცხადა, რომ ამერიკის პოლიტიკა, თავისუფლებასთან დაკავშირებით, უცვლელია და ეს საქართველოსაც გულისხმობს.
„50 წლის წინ ჩვენმა პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ ერთ-ერთ თავის გამოსვლაში განმარტა ამერიკის პოლიტიკა თავისუფლებასთან დაკავშირებით და, ჩემი აზრით, ეს პოლიტიკა დღემდე უცვლელია. აი, რა თქვა კენედიმ, ბატონო თავმჯდომარევ: „დაე, ყველა ერმა იცოდეს, მიუხედავად იმისა, მტერია ის თუ მოყვარე, რომ ჩვენ ყველაფერს გავიღებთ, ვიტვირთებთ ნებისმიერ ტვირთს, მხარს დავუჭერთ ყველა მეგობარს, დავუპირისპირდებით ყველა მოწინააღმდეგეს, რათა თავისუფლება არ დასამარდეს, არამედ, პირიქით, აყვავდეს“.
ეს სიტყვები საქართველოსაც გულისხმობს და ამას ვერსად ვერ გავექცევით“, – აღნიშნა თედ პომ.

საქართველოს მეგობართა ჯგუფი, აშშ-ს კონგრესში, კონგრესმენ თედ პოსა და ჯერალდ კონოლის თანათავჯდომარეობით 2015 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას დაფუძნდა.
აშშ-ის კონგრესში , საქართველოს მეგობართა ჯგუფის ინაუგურაციაზე, გიორგი კვირიკაშვილი,საგარეო საქმეთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის რანგში სიტყვით გამოვიდა და საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა. აშშ-ში გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის შემდეგ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა თედ პომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრებს 2015 წლის 10 დეკემბერს მიმართა. მან გამოსვლაში დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელიც პოლიტიკური არასტაბილურობით გამოირჩევა, საქართველო დემოკრატიის იმედის შუქურად და დემოკრატიული იდეოლოგიისა და თავისუფლების გამავრცელებლად რჩება. 27 აპრილს კი, ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი გიორგი კვირიკაშვილი უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში შეხვდა აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის (Georgia Caucus) წარმომადგენლებს – ტედ პოს და ჯერალდ კონოლის. კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. საუბარი შეეხო ორმხრივი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბების აუცილებლობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები