“საქართველო იქცა ყველაზე თავისუფალ ქვეყანად რეგიონში”

ამერიკელმა კონგრესმენმა თედ პომ, კონგრესში გამოსვლისას საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
პომ, რომელიც კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა, განაცხადა, რომ საქართველომ ეფექტიანი მმართველობა თავისი რეფორმების ქვაკუთხედად აქცია, უზრუნველყო ეკონომიკური ზრდა და მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის გზაზე.
„ჩვენს, როგორც თავისუფლებისა და დემოკრატიის ლიდერი ქვეყნის, ეროვნულ ინტერესებშია მსოფლიოს სხვა ერებისთვის იმავე თავისუფლებისა და უფლებების უზრუნველყოფა, რომლებითაც ჩვენ ვსარგებლობთ. საქართველო არის პატარა და ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყანა ისეთ რეგიონში, რომელიც უფრო ავტორიტარული მმართველობით არის ცნობილი, ვიდრე თავისუფლებით“, – აღნიშნა კონგრესმენმა.
თედ პოს თქმით, რუსეთს არ მოსწონს საქართველოს სწრაფვა დემოკრატიისა და თავისუფლებისაკენ, რადგან ქვეყანამ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის გზაზე.
„ ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველო იქცა ყველაზე თავისუფალ ქვეყანად რეგიონში და დღეს კონტრასტს ქმნის მის ჩრდილოეთით პუტინის დიქტატურასთან. მიუხედავად ამისა, რუსეთს უარი არ უთქვამს თავის ამბიციებზე საქართველოზე კონტროლის მოპოვებასთან დაკავშირებით.
2008 წელს, როცა რუსულმა ჯარმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების მესამედის ოკუპაცია, მე საქართველოში ვიყავი. მე ვუყურებდი გორაკებზე აგორებულ რუსულ ტანკებს და მერწმუნეთ, ბატონო თავმჯდომარევ, რუსეთს არ მოსწონს საქართველოს სწრაფვა დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ. საქართველომ ეფექტიანი მმართველობა თავისი რეფორმების ქვაკუთხედად აქცია, უზრუნველყო ეკონომიკური ზრდა და მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის გზაზე“, – განაცხადა თედ პომ.
საქართველოს მეგობართა ჯგუფი, აშშ-ს კონგრესში, კონგრესმენ თედ პოსა და ჯერალდ კონოლის თანათავჯდომარეობით 2015 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას დაფუძნდა. აშშ-ის კონგრესში , საქართველოს მეგობართა ჯგუფის ინაუგურაციაზე, გიორგი კვირიკაშვილი,საგარეო საქმეთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის რანგში სიტყვით გამოვიდა და საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა. აშშ-ში გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის შემდეგ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა თედ პომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრებს 2015 წლის 10 დეკემბერს მიმართა. მან გამოსვლაში დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელიც პოლიტიკური არასტაბილურობით გამოირჩევა, საქართველო დემოკრატიის იმედის შუქურად და დემოკრატიული იდეოლოგიისა და თავისუფლების გამავრცელებლად რჩება. 27 აპრილს კი, ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი გიორგი კვირიკაშვილი უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში შეხვდა აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის (Georgia Caucus) წარმომადგენლებს – ტედ პოს და ჯერალდ კონოლის. კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. საუბარი შეეხო ორმხრივი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბების აუცილებლობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები