აშშ-ს კონგრესმენი: ჩვენმა მოკავშირეებმა ნატოში უნდა გამოიჩინონ სიმტკიცე და მხარი დაუჭირონ საქართველოს

 

ამერიკის შეერთებული შტატები უნდა ჩაერთოს მოლაპარაკებებში საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი ქვეყნების ეკონომიკაში გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები და გაჟღერდეს გზავნილი, რომ საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებული მეგობარი, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ტედ პომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სესიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში. ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის საქართველოს ავღანეთის მისიებში ყველაზე მეტი მებრძოლი ჰყავს.
„ავღანეთში, სადაც ამერიკელი კოლეგების გვერდიგვერდ იბრძოდა და დაიღუპა 33 ქართველი, დღესაც მსახურობს 900 ქართველი სამხედრო პირი“, – აღნიშნა მან.
კონგრესმენი საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნითაც ქართველებმა მიიწვიეს დამოუკიდებელი საერთაშორისო დამკვირვებლები, რათა მათ განახორციელონ ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგი.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა მოკავშირეებმა ნატოში უნდა გამოიჩინონ სიმტკიცე და მხარი დაუჭირონ საქართველოს. საქართველო არის სუვერენული ქვეყანა და მის საზღვრებს პატივისცემით უნდა მოეპყრას ყველა, თავად პუტინიც კი. რუსეთმა კარგად იცის, რომ საქართველო არის რეგიონში დემოკრატიის სიმბოლო. სწორედ ამიტომ აგრძელებს პუტინი იარაღის ჟღარუნს მთელ რეგიონში. დიქტატორმა პუტინმა იცის, რომ თუკი საქართველო იქნება წარმატებული დემოკრატიის მაგალითი, საქართველოს მეზობლებსაც გაუჩნდებათ მიბაძვისა სურვილი და უფრო დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნისკენ სწრაფვა. თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს და მისი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის“, – განაცხადა ტედ პომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები