ტედ პო: პრესის თავისუფლების კატეგორიაში საქართველო აშშ-ს მოკავშირე სახელმწიფოებს უსწრებს

პრესის თავისუფლების კატეგორიაში საქართველო ლიდერობს რეგიონის მასშტაბით და უსწრებს კიდეც ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასა და აშშ-ის მოკავშირე სახელმწიფოებს, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ტედ პომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სესიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, უზრუნველყო ეკონომიკური ზრდა და მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის გზაზე.
„2012 წელს მსოფლიო გახდა ერთი პარტიის მიერ დემოკრატიული გზით ხელისუფლებაში მეორის ჩანაცვლების მოწმე. ორგანიზაცია Reporters without Border-ის თანახმად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში ამაღლდა მედიის თავისუფლების დონე, ხოლო საერთაშორისო გამჭვირვალობის თანახმად, პრესის თავისუფლების კატეგორიაში საქართველო ლიდერობს რეგიონის მასშტაბით და უსწრებს კიდეც ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასა და აშშ-ის მოკავშირე სახელმწიფოებს“, – განაცხადა მან.
კონგრესმენმა აღნიშნა, რომ საქართველო ასევე ლიდერობს ბიზნესისა და თავისუფალი ბაზრის კატეგორიებშიც. კერძოდ, მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო შედის იმ 25 ქვეყნის სიაში, სადაც ბიზნესის წარმართვა ყველაზე მარტივია.
„ფაქტია, რომ ქართველი ხალხი და მისი მთავრობა იზიარებენ ჩვენს დასავლურ ღირებულებებს. ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვის თანახმად, ქართველთა ¾-ზე მეტი მხარს უჭერს მთავრობის მიზანს ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით. ქართველთა თითქმის 70% მხარს უჭერს ნატოში გაწევრებას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხმამაღლა უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია და მხარი დაუჭიროს საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა კონგრესმენმა.
მანვე აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში საქართველო ყოველთვის იყო ამერიკის მნიშვნელოვანი მოკავშირე, ხოლო საქართველოს თავისუფალი საბაზრო სისტემის, კორუფციის დაბალი მაჩვენებლების და გამარტივებული საგადასახადო სისტემის წყალობით, ბევრმა ამერიკულმა კომპანიამ გამოთქვა დაინტერესება საქართველოში ინვესტირებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები