თედო ჯაფარიძე და ლევან ბერძენიშვილი თურქეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტები მადლობას უხდიან თურქეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტს და მის წევრებს განცხადებისთვის, რომლითაც მოუწოდეს მოკავშირეებს ვარშავის სამიტზე მხარი დაუჭირონ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას.
ორივე კომიტეტის თავმჯდომარეები: თედო ჯაფარიძე და ლევან ბერძენიშვილი, კომიტეტების სახელით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ამის შესახებ არის აღნიშნული.
„ჩვენი ქვეყნის მიერ საგარეო ორიენტირების განმტკიცების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, უდიდესი როლი ენიჭება თურქეთის, როგორც საქართველოს უახლოესი პარტნიორისა და ნატოს წევრი ქვეყნის მხრიდან გამოხატულ მხარდაჭერას. ეს არის ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურება.
საქართველო თავისი დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდანვე გრძნობს თურქეთის მხრიდან მხარდაჭერას, მათ შორის, სამხედრო აღმშენებლობის სფეროში, რაც ხელს უწყობს საქართველოს სამხედრო ძალების ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას. საქართველო-თურქეთის ურთიერთობები სტაბილურობის მაჩვენებელია ჩვენს რეგიონში და არ წარმოადგენს საფრთხეს რომელიმე მესამე მხარისთვის. ჩვენ ასევე, მადლობას ვუხდით ჩვენს კოლეგებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის განცხადება თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას დაემთხვა, რომლითაც მან ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს შავ ზღვის რეგიონში კოორდინაციისა და თანამშრომლობის განმტკიცებისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხში ნატოს მომავალ სამიტზე, კონკრეტული შედეგები იქნება მიღწეული.
„სწორედ, ასეთი თანამშრომლობა წარმოადგენს საქართველოს სასიცოცხლო ინტერესს. თურქეთის წვლილი საქართველოს მიერ ნატოსთან დაახლოვების გზაზე ყოველთვის იქნება უდიდესი კონტრიბუცია, როგორც საქართველოს, ასევე თავად ნატოს განმტკიცებისა და გაფართოვების პროცესში”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები