საქართველო პირველი მსხვილი უნგრული ინვესტიციის მოლოდინშია

უნგრეთი საქართველოს ინვესტიციების დაცვის გარანტიას სთხოვს. თუკი მთავრობა ამ მოთხოვნას ოფიციალურად გააფორმებს, შემოდგომისთვის სოფლის მეურნეობაში “ექსიმბანკის” საშუალებით უნგრული პროექტების განხორციელება დაიწყება. წინა კვირას საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის კომისარი გიულა ბუდაი სტუმრობდა.
კონკრეტულად რა საკითხებზე ესაუბრა იგი მთავრობის წარმომადგენლებს და რას ითხოვს უნგრეთი საქართველოსგან, ამის შესახებ “ბიზნეს-რეზონანსთან“ ინტერვიუში საუბრობს.

– საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგით ჩამოხვედით საქართველოში, კონკრეტულად რა იყო თქვენი ვიზიტის მიზანი?
გიულა ბუდაი
: – ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანია, საქართველოსა და უნგრეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად და სწრაფად განვითარდეს. უკანასკნელ წლებში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა შემცირდა. ვფიქრობთ, სოფლის მეურნეობა ის დარგია, სადაც ყველაზე წარმატებული თანამშრომლობა გამოგვივა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული საინვესტიციო პროექტები. მაგალითად, ორი-სამი სამაცივრე საწყობის აგება, სადაც ქართული ხილი და ბოსტნეული მესამე ქვეყანაში გასაყიდად შეინახება. მეორე დიდი სფერო, სადაც თანამშრომლობა გვსურს, მესაქონლეობაა. უნგრეთს შეუძლია ქართველ ფერმერებს გაუზიაროს ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლის მეშვეობითაც მესაქონლეობის წარმოება უფრო მაღალ დონეზე გადავა. მოვინახულეთ ერთ-ერთი ახალი ფერმა, სადაც საქონელი ჰყავთ, იქვე ამუშავებენ რძეს როგორც საკუთარს, ისე გლეხებისგან შესყიდულს და ამზადებენ რძის პროდუქტებს. ამ სფეროში უნგრეთის გამოცდილება ქართული კვების მრეწველობას ძალიან წაადგება. აქ ყოფნის პერიოდში ასევე მნიშვნელოვანი განხილვის თემა იყო რუსეთის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებული ემბარგო და პირიქით, რუსული ემბარგო ევროკავშირისთვის. ასევე საინტერესოა კვლევა, თუ რამდენად შესაძლებელი იქნება ქართულ-უნგრული ერთობლივი საწარმოების მიერ სხვადასხვა პროდუქციის გატანა რუსეთში, ჩინეთში და სხვა ქვეყნებში. იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინვესტორებმა საქართველოში ფული ჩადონ, საჭიროა, ინვესტიციის დაცვის სახელმწიფო გარანტია ხელშეკრულების სახით. შეხვედრიდან გამოიკვეთა, რომ ამ კონტრაქტს მალე მოეწერება ხელი, მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური საკითხია მოსაგვარებელი. საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეკითხვა, რომელიც დამისვეს, ასეთი სახის იყო – უჭერს თუ არა უნგრეთი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას? ამ მიმართულებით, უნგრეთი ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. ყოველთვის ვამბობდით, რომ ქართველებმა უვიზო მიმოსვლა უკრაინასა და თურქეთისგან ცალკე უნდა მიიღონ, ამ ხაზს ბოლომდე ვიცავთ. მაისის შუა რიცხვებში ევროკავშირის ექსპერტები ვიზალიბერალიზაციის საკითხზე იმსჯელებენ. უნგრეთი საქართველოს სწრაფვას ევროპისკენ მომავალშიც მხარს დაუჭერს.
– თუ ხედავთ რაიმე დაბრკოლებას, რაც უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას შეაფერხებს?
– მოცემულ მომენტში ეს საკითხი ისე მომწიფდა, რომ დადებითი გადაწყვეტილება ნებისმიერ დროს შეიძლება მიიღონ.
– თქვენ აღნიშნეთ, რომ უნგრეთი სოფლის მეურნეობის ინვესტირებით არის დაინტერესებული. ბოლო წლებში სახელმწიფო ამ დარგში საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავს. რამდენად სწორი მიმართულებით ვითარდება საქართველოს სოფლის მეურნეობა?
– ის, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა პრიორიტეტია, ამას მეც ვგრძნობ. სახელმწიფო სწორი მიმართულებით მიდის, უფრო მეტი წარმატებისთვის აუცილებელია სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა. მაგალითად, უნგრეთთან თანამედროვე ტექნოლოგიების გათავისება, გამოცდილების გაცვლა, ასევე მთავარია განათლება სოფლის მეურნეობის დარგში. უნგრეთმა საქართველოს 50 სტუდენტის გაცვლის პროგრამა შესთავაზა. აქედან 10 სოფლის მეურნეობის მიმართულებითა. რატომღაც ეს ადგილები არ ივსება. საჭიროა მეტი ჩართვა ამ კუთხით. რაც შეიძლება მეტი სტუდენტი უნდა წავიდეს უნგრეთში წამყვან აგრარულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად. ჩემი აზრით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გარანტიაა იმისა, რომ სოფლის მეურნეობა სწორი მიმართულებით განვითარდეს.
– უნგრეთი საქართველოს მესაქონლეობის დარგში მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების გაზიარებას სთავაზობს, თუ აპირებს კონკრეტული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, მაგალითად, ფერმებისა და საწარმოების მშენებლობას?
– ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთობლივი საწარმოების ამუშავებას. ამისთვის საჭიროა ქართველი პარტნიორების მოძებნა. სასაწყობო მეურნეობის შექმნა ერთობლივი პროექტია. თუ იგი წარმატებით განხორციელდა, ეს იქნება შემდეგი პროექტების წარმატების საწინდარი. ამიტომ ძალიან საჭიროა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება, რათა ბიზნესში ჩართულმა ადამიანებმა მიმოსვლა თავისუფლად შეძლონ. თუ იმასაც მივიღებთ მხედველობაში, რომ გვაქვს პირდაპირი მიმოსვლა ქუთაისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით, ეს ძალიან შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
– როგორც თქვენგან შევიტყვეთ უნგრეთი საქართველოს მთავრობას ინვესტიციების დაცვის ოფიციალური გარანტიას სთხოვს. ასეთ გარანტიებს სხვა ქვეყნებისგანაც ითხოვთ, თუ საფრთხეს მხოლოდ საქართველოში ხედავთ?
– ასეთი ხელშეკრულების დადებას ძალიან ბევრ ქვეყანას ვთხოვთ, ძირითადად, მათგან, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან.
– ზოგადად საინვესტიციო გარემოს როგორ შეაფასებდით?
– მე შემიძლია ვისაუბრო იმის მიხედვით, რა ინფორმაციებიც ეკონომიკის სამინისტროში მივიღე. მითხრეს, რომ ბევრი ინვესტიცია შემოდის ჩინეთიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან. თუ ჩემ შთაბეჭდილებასაც გაგიზიარებთ, ყოველი ჩამოსვლის შემდეგ ქვეყნის წინსვლას ვხედავ. უნგრეთში არსებობს ასეთი გამოთქმა, რომ პირველი ნაბიჯია ძნელი, მერე უკვე ყველაფერი კარგად იქნება. თუ პირველი უნგრული ინვესტიცია წარმატებით განხორციელდა, შემდეგი ინვესტიციებიც არ დააყოვნებს. მთავარია, რომ ქვეყნებს შორის ნდობა არსებობს. დღეს, საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობება იმაზე უკეთესია, ვიდრე შეიძლება ადამიანმა ინატროს. მარტის ბოლოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ბუდაპეშტში. უნგრეთის პრემიერ მინისტრს ვიქტორ ორბანი საქართველოს პრეზიდენტს ერთ-ერთ კონგრესზე შეხვდა. ჩვენი კავშირები კარგად მუშაობს. ნოემბერში თბილისში იგეგმება საქართველო-უნგრეთის სახელმწიფოთა შორისი კომისიის სოფლის-მეურნეობის მუშა ჯგუფის შეხვედრა, ეს კომისია ეკონომიკის განვითარებაზე მუშაობს, მაგრამ სოფლის მეურნეობის დარგში ცალკე მუშა ჯგუფი შექმნეს.
– სოფლის მეურნეობაში უნგრული პროექტების განხორციელება როდიდან დაიწყება?
– იმედი გვაქვს, სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებას ინვესტიციების დაცვის შესახებ ხელი სექტემბრამდე მოეწერება. უნგრული “ექსიმბანკი” საქართველოში 68 მილიონი დოლარის შემოტანას გეგმავს. ეს იქნება უნგრეთ-საქართველოს ერთობლივი პროექტი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულებას მალე მოეწეროს ხელი.
– ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლა. თქვენ როგორ ახსნით ამას?
 – მთელ ეკონომიკას ვერ მოვიცავ, მაგრამ სოფლის მეურნეობის კუთხით შემიძლია გითხრათ, რომ სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით სტანდარტები ევროკავშირის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. ამ შემთხვევაში მიზეზი ეს არის. თავის დროზე ასოცირების ხელშეკრულებას უნგრეთმაც მოაწერა ხელი, გარდამავალ პერიოდში უნგრეთისთვისაც ძალიან მტკივნეული იყო იმ სტანდარტების დაცვა და დავალებების შესრულება, რომელსაც ევროკავშირი ახლა საქართველოს უწესებს.
– ქართულ პროდუქტს უნგრეთში რა პერსპექტივა აქვს?
– უნგრეთის ბაზარზე შეიძლება გავიდეს ღვინო, ხილი. თუ შეიქმნება ერთობლივი საწარმოები და პროდუქტს ევროპული სტანდარტების მიხედვით ვაწარმოებთ, მაშინ ქართული ყველის გატანაც შეიძლება. პირადად მე თქვენი ყველი ძალიან მომწონს. დარწმუნებული ვარ, უნგრეთშიც მოეწონებათ. იგივეს თქმა შემიძლია ქართულ ღვინოზე. ბუდაპეშტში ორი ქართული რესტორანია. უნგრელები იქაურ კერძებს დიდი სიამოვნებით აგემოვნებენ. შესაძლებლობა დიდია, თუმცა ქართველმა მეწარმეებმაც თავი უნდა გამოიჩინონ.
– 2006 წელს, როდესაც რუსეთმა საქართველოს ემბარგო დაუწესა, ქვეყანამ მოულოდნელად დაკარგა ყველაზე დიდი ბაზარი, თუმცა დადებითი იყო ის, რომ კომპანიებმა დივერსიფიკაციაზე ზრუნვა დაიწყეს. უნგრეთისთვის რას ნიშნავს რუსული ემბარგო?
– ჩვენც ზუსტად ასე მოვიქეცით, დავიწყეთ დივერსიფიკაცია. ბოლო ორ წელიწადში უნგრულმა ეკონომიკამ დიდი დანაკარგი განიცადა. ზარალი ექსპორტის მიმართულებით 4,5 მლრდ დოლარია. ამიტომ ევროპის დავიწყეთ ახალი ბაზრების ძებნა – შორეული აღმოსავლეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური, ინდონეზია, ჩინეთი და სხვა. ჩინეთში დიდი რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი გავიტანეთ. შეიძლება ითქვას, ამ ქვეყნებში ჩვენი გასვლა ჯერ მცდელობაა. მოკლედ რო ვთქვათ, საქართველომ როგორც უპასუხა რუსეთის ემბარგოს, ჩვენც ისე ვპასუხობთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები