მამუკა სალუქვაძე – განაშენიანების წესებში ცვლილებების შეტანა იმიტომ ხდება, რომ ის ქაოსი შეწყდეს, რომელიც ქალაქშია

“სითი ინსტიტუტი – საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ და თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის თანათავმჯდომარემ მერაბ ბოლქვაძემ გენგეგმის ჯგუფის სამუშაო პროცესზე და სამშენებლო შეზღუდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე პორტალ „კვირაში“ დღეს პრესკონფერენცია გამართეს.
სალუქვაძის განცხადებით, ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების წესებში ცვლილებების შეტანა, პირველ რიგში, იმიტომ ხდება, რომ შეწყდეს ის ქაოსი, რომელიც ქალაქში ამ კუთხით კერ კიდევ არსებობს.
“გენგეგმის ჯგუფი სამუშაოების შესრულების მე-3 ეტაპზე გადავიდა. 15 იანვარს იმ ცვლილებების პროექტს მივაწვდით ქალაქ თბილისის მერიას, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაანონსდა. რაც შეეხება ჩატარებულ სამუშაოებს, ეს პრაქტიკულად უმნიშვნელოვანესი სამუშაოები იყო, რომლებმაც დაგვანახა ქალაქში არსებული მდგომარეობა, სირთულეები და ის გარკვეული ცხელი წერტილებიც, რომლებიც არსებობს და სადაც მშენებლობის გაგრძელება შეუძლებელია. გარკვეული შეზღუდვები აქაც დაწესდება. ახლა, გარკვეულწილად, კონცეპტუალურ დონეზე გადავდივართ – გენგეგმამ მაშტაბური სახე უნდა მიიღოს და ჩამოყალიბდეს იმ სახით, როგორც ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.
საკმარისი მასალა გვაქვს იმისთვის, რომ სრულყოფილად გავაანალიზოთ, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ქალაქი. გარკვეულწილად სქემები და რეკომენდაციები სატრანსპორტო მიმართულებითაც შემუშავდება. მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი უცხოელი პარტნიორობის ჩართულობა და, ვფიქრობ, რომ მათთან ერთად შევძლებთ იმ სტრატეგიის ჩამოყალიბებას, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი ტრანსპორტის კუთხით. აღსანიშნავია ისიც, რომ ეკოლოგიური მიმართულებითაც მიდის მუშაობა. მუშავდება ის შეზღუდვები, რომლებიც გარკვეულ ტერიტორიებს განაშენიანებისგან დაიცავს. მალე ჩვენ შემოგთავზებთ იმ რადიკალურ გადაწყვეტებსაც, რომელიც, ჩვენი აზრით, უნდა გატარდეს და რომელმაც პრაქტიკულად ჩიხიდან, იმ მდგომარეობიდან უნდა გამოიყვანოს ქალაქი, რომელშიც ის დღეს არის. ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების წესებში ცვლილება, პირველ რიგში, იმიტომ ხდება, რომ შეწყდეს ის ქაოსი, რომელიც ქალაქში ჯერ კიდევ არის. იქ, სადაც შეიძლება ტერიტორიების განვითარება, ქალაქს ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს, მაგრამ ამას შესწავლა და დაზუსტება სჭირდება“,- განაცხადა სალუქვაძემ.
მისივე განმარტებით, მანამდე ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ინვესტორის მოთხოვნისას “K2” კოეფიციენტის გაყიდვა ხდებოდა ისე, რომ არგუმენტებიც კი არ იყო წარმოდგენილი.
როგორც სალუქვაძემ დღეს „კვირაში“ სტუმრობისას განაცხადა, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა ის განმარტებითი ბარათი წარადგინა, სადაც წარმოდგენილი იქნება ის, თუ როგორ უნდა იყოს დასაბუთებული მოთხოვნა როგორც კოეფიციენტის ყიდვასთან დაკავშირებით, ასევე კულტურული მემკვიდრეობის, ტრანსპორტირების, ინფრასტრუქტურის, ეკოლოგიის და ეკონომიკურ საკითხებზეც.
შეკითხვაზე, თუ რა ბედი ეწევა იმ მშენებლობებს, სადაც კოეფიციენტები დარღვევით გაიცა, სალუქვაძემ განაცხადა, რომ ნაკლებ სავარაუდოა, ახალ ცვლილებებს უკუქმედების ძალა ჰქონოდათ და შეეძლოთ, ამ პროცესების აღკვეთა.
„სამწუხაროდ, პროცესები ისეა, რომ არ შეგვიძლია აქტიურად ჩავერიოთ და გაცემულ ნებართვებზე იურიდიულად ზეწოლა მოვახდინოთ, თუმცა, გეთანხმებით, რომ ალბათ არსებობს ამგვარი ფაქტები. მოვუწოდებ ქალაქ თბილისის მერიას, რომ ის ცვლილებები და ის რეკომენდაციები, რომლებსაც ჩვენ მომავალში შევთავაზებთ, რაც შეიძლება სწრაფად იქნას მიღებული“,- განაცხადა სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები