ირაკლი კობახიძე „თავისუფალ დემოკრატებსა“ და პაატა ბურჭულაძეს „ნაციონალების” სატელიტებად მიიჩნევს

”ირაკლი ალასანია და ”რესპუბლიკელები” არ ქმნიდნენ გარანტიას ჩვენი პროდასავლური კურსისა, – ამის შესახებ პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გაზეთ ”ვერსიასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი ძალა, რომელიც დღეს ამის გარანტიას ქმნის საქართველოში, ”ქართული ოცნებაა”.
”ირაკლი ალასანია და ”რესპუბლიკელები” არ ქმნიდნენ გარანტიას ჩვენი პროდასავლური კურსისა. ერთადერთი ძალა, რომელიც დღეს ამის გარანტიას ქმნის საქართველოში, ”ოცნებაა”. ”ნაციონალური მოძრაობა” კი ყველაზე ანტიდასავლური ძალა იყო ბოლო 25 წლის განმავლობაში და ამ რეალობის საწინააღმდეგო მითები იქმნებოდა. ამ სტერეოტიპებს ამკვიდრებდნენ როგორც ”ნაციონალები”, ისე მათი სატელიტები და ამტკიცებდნენ, რომ ისინი პროდასავლური ძალები არიან”, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, ვის გულისხმობს ”ნაციონალების” სატელიტში, კობახიძე აცხადებს, რომ ”ირაკლი ალასანიას ”თავისუფალ დემოკრატებს”. მისივე შეფასებით, “ნაციონალების“ სატელიტია შალვა ნათელაშვილიც.
”მათ ჰქონდათ ერთი დღის წესრიგი, დღეს კი სრულიად სხვა დღის წესრიგი აქვთ, რამაც მათ სხვა ბანაკისკენ უბიძგა. ეს ძალიან ღიად ჩანს. ელემენტარულად, შეგვიძლია სატელევიზიო ეთერს შევხედოთ, ვინ რამდენჯერ და რა ტიპის გადაცემებსა და შოუებში ზის და რა ტიპის გამოსვლები აქვს. მაგალითად, შალვა ნათელაშვილი ”ნაციონალების” მეორე სატელიტია. რეალურად, ვისაც რა პოზიცია უნდა ჰქონდეს, ”ოცნების” წევრებისთვის სახელების შერქმევას და მათთვის ანტიგმირების დაძახებას თავი უნდა დაანებოს. ამის უფლება არც ”ნაციონალებს” აქვთ და არც იმ ადამიანებს, ვინც დღეს პოლიტიკაში მოსვლის განაცხადს აკეთებს. მათ არ უნდა ისაუბრონ იმ ხალხზე, ვინც 2012 წელს თავი გადადო მაშინ, როცა თავად პოზიციაც კი არ დაუფიქსირებიათ”, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, 2012 წელს, როცა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა და ქვეყანაში პოლიტიკური ომი იყო, პაატა ბურჭულაძეს საკუთარი პოზიცია საერთოდ არ დაუფიქსირებია.
”2012 წელს, როცა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა და ქვეყანაში პოლიტიკური ომი იყო, პაატა ბურჭულაძეს საკუთარი პოზიცია საერთოდ არ დაუფიქსირებია, ის არც იქით იყო, არც აქეთ. დღეს კი ფაქტია, რომ 22 მაისისთვის ჩანიშნული საკრებულოს შუალედური არჩევნების კანდიდატი, ერთ-ერთ ადგილობრივ ოლქში პაატა ბურჭულაძემ და ”ნაციონალებმა” ერთობლივად წარადგინეს. ახლა სხვას ვერაფერს დავაკონკრეტებ. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ბურჭულაძის ფონდი მისი საარჩევნო მიზნების შესაფუთად იყო საჭირო”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები