“განსაკუთრებით დაინტერესებულნი იყვნენ ლადო ჭანტურიას პერსონით და მთავაზობდნენ ქრთამის აღებაში დამედანაშაულებინა”

გაზეთი „პრაიმტაიმი“ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს კუდ-ის აგენტის მეშვეობით დაკავებული მოსამართლის თამაზ თაყაძის ინტერვიუს აქვეყნებს.

გამოცემასთან საუბრისას, თაყაძე იხსენებს, რომ კუდ-ის აგენტმა დათო ლომიძემ, რომელიც გორის რაიონულ სასამართლოს დაცვის უფროსად დაინიშნა, ჯიბეში გარკვეული რაოდენობის თანხა ფარულად ჩაუდო. ქრთამის აღების ფაქტზე კი 5 წელი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

როგორც სტატიაში წერია, 1978 წელს დაბადებული დავით მერაბის ძე ლომიძე 2007 წლიდან ოფიციალურად ირიცხებოდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლად. მანამდე კი ის კუდ-თან არაოფიციალურად თანამშრომლობდა.

„2006 წლის დასაწყისში, ალბათ, გახსოვთ სააკაშვილის ცნობილი გამოსვლა პარლამენტში – „ყველანი ციხეში, ნულოვანი ტოლერანტობა“! ამის შემდეგ გაძლიერდა რეპრესიები.

ბევრ მოსამართლეს განცხადება დააწერინეს. ჩემთვის განსაკუთრებით მიუღებელი იყო უზენაესი სასამართლოდან ისეთი პროფესიონალების გაშვება, როგორებიც გახლდნენ ნინო გვენეტაძე, მერაბ ტურავა, სულაქველიძე, ანუ ე.წ. მეამბოხე მოსამართლეები.

მე განვიხილებოდი მათი გუნდის წევრად. 2003 წელს ჩატარდა მოსამართლეთა პირველი კონფერენცია. კონფერენციამ აირჩია სადისციპლინო საბჭო, სადაც ლადო ჭანტურიას რეკომენდაციით ამირჩიეს, როგორც რაიონული სასამართლოების წარმომადგენელი.

2006 წლის 7 აპრილს მოსამართლეთა კონფერენციიდან მომდის წერილი და მიწვევდნენ შეკრებაზე, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ნინო გვენეტაძე და ეს „მეამბოხე მოსამართლეები“.

უნდა გვემსჯელა, რატომ გააუქმეს კონფერენციის გადაწყვეტილებები. ბევრმა მოსამართლემ ვერ გაბედა ამ შეკრებაზე დასწრება და გაკვირვებულები მეკითხებოდნენ კიდეც – როგორ, შენ მართლა აპირებ ჩასვლასო?! შეხვედრა შედგა 15 აპრილს, რაც ტელეკამერებმაც დააფიქსირა.

18 აპრილს კი ჩემთან სასამართლოში მოდის ყოფილი კურიერი, რომელიც სასამართლოს დაცვის უფროსად დაუნიშნავთ. მე მასთან სამსახურებრივად ახლო ურთიერთობა მქონდა და საკმაოდ კარგად ვიცნობდი. მითხრა, – ჩემს ნათესავს ტატო ნადიბაიძეს ასამართლებენ ყაჩაღობის მუხლითო და შემომთავაზა, იქნებ მუხლი შეუცვალო და ძარცვაზე დაკვალიფიცირდესო. შემოთავაზებაზე უარს ვეუბნები, რადგან პროკურატურა არ წამოვა ამ დათმობაზე-მეთქი. გარდა ამისა, დაზარალებულიც არ დასთანხმდება-მეთქი. სამჯერ ვუთხარი უარი, რაზეც დაჟინებით მთხოვდა, რომ პატივისცემაც იქნებაო, რაზეც მე არანაირი პასუხი არ გამიცია.

20 აპრილს დილით მხვდება სასამართლოში, პატიმარი მოჰყავთ უკვეო. კი ბატონო, მოიყვანონ და გავასამართლებ-მეთქი. სამუშაო კაბინეტში შევედი, კაბინეტის უკან არის ერთი ოთახი, სადაც განთავსებული იყო სეიფი, იქ ინახებოდა საქმეები და სხვადასხვა მასალები.

შევედი რომ საქმეები გადმომეღო, აქვე შემომყვა დაცვის უფროსი – პატიმარი უკვე მოიყვანეს და ფული მინდა გადმოგცე, სანამ პროცესი დაიწყებაო. ვუთხარი, ჩვენ ხომ ამაზე უკვე ვისაუბრეთ, არანაირი ფული არ მჭირდება, თუ რამეს შევძლებ საქმის გარემოებიდან გამომდინარე, ისე დაგეხმარები-მეთქი. ვიდეოთვალი ჰქონდა მიმაგრებული, ამიტომაც დაჟინებით ითხოვდა ფულის აღებას, მაგრამ მე ხელი არ ვახლე.

ეს კამერაშიც კარგად ჩანს. ამ საუბრის დროს გავაღე სეიფი, რომ საქმეები გადმომეღო, მეცვა შარვალი, რომელსაც ფართო ჯიბეები ჰქონდა, ამან უცბად ეს თანხა ჩამიცურა ჯიბეში და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ოთახში, სანამ მე მივხვდებოდა, რა მოხდა, შემოვარდნენ გადამღები კამერებით და მაცნობეს, რომ ქრთამის აღების ფაქტზე ვარ დაპატიმრებული.

გამომძიებელმა მითხრა, პირადად ადეიშვილის დავალებით ვიძიებ შენს საქმესო. დამისახელა სხვა ანალოგიური საქმეების ჩამონათვალიც. უნდა აღიარო ქრთამის აღება, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ხნით გაგიშვებ ციხეში და არავინ იცის, ხვალ ან ზეგ შენს შვილს ჯიბეში რა აღმოაჩნდება, ან შენს ცოლს რა მოუვაო.

ზეწოლების გამო იძულებული გავხდი, თავი დამნაშავედ მეღიარებინა, თუმცა იქვე მივაწერე ოქმს, რომ ეს იყო ჩემ მიმართ მოწყობილი პროვოკაცია. მთელი ღამე ფსიქოლოგიურად მამუშავებდნენ წინასწარი დაკავების იზოლატორში, „პროჟექტორები“ მქონდა მონათებული, შემოდიოდნენ ერთნაირი აღნაგობის ახმახები, კისერიც კი ერთნაირად ჰქონდათ აპარსული. ეს ხდება მოდულის შენობის სარდაფში. რეალურად მე შევეწირე მეამბოხე მოსამართლეების წინააღმდეგ აგორებულ ტალღას. სხვათა შორის, სასჯელს ვიხდიდი იმ კოლონიაში, სადაც ისხდნენ გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირებიც.

მათ მითხრეს, ჩვენც ვმუშაობდით შენზეო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჯერ ჩვენ დაგვიჭირესო. სწორედ გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებმა მითხრეს, – მოსამართლეთა კონფერენციაზე არ უნდა მისულიყავიო“,-აცხადებს თაყაძე.

იგი ასევე ამბობს, რომ მას სთავაზობდნენ „მეამბოხე“ მოსამართლეთაგან ერთ-ერთისთვის ხელი დაედო. მისივე თქმით, განსაკუთრებით დაინტერესებულები იყვნენ ლადო ჭანტურიას პერსონით და სთხოვდნენ, რომ იგი ქრთამის აღებაში დაედანაშაულებინა.

„მთავაზობდნენ იმ მეამბოხე მოსამართლეთაგან ერთ-ერთისთვის დამედო ხელი. განსაკუთრებით დაინტერესებულნი იყვნენ ლადო ჭანტურიას პერსონით და მთავაზობდნენ ქრთამის აღებაში დამედანაშაულებინა. 5 წელი მომისაჯეს, მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ ყველა მოსამართლე შეგვიწყალეს, ვინც კი დაკავებული ჰყავდათ. თან არჩევნები მოდიოდა და მათთვის მომგებიანი იყო ეს გადაწყვეტილება“,-განაცხადა მოსამართლე თაყაძემ.

თაყაძის ინფორმაციით, საბოლოოდ, კუდ-ის აგენტი ლომიძე დაიჭირეს ქრთამის აღებაზე. გამოიყენეს, საქმეები გააკეთებინეს, შიდა ქართლის კუდ-შიც დანიშნეს, მაგრამ, როცა აღარ დასჭირდათ, მოისროლეს.

„მე ხელში მიჭირავს ძალიან სერიოზული მტკიცებულებები, მათ შორის იმ ადამიანის ახსნა-განმარტება, რომელსაც ვითომდა ქრთამის სანაცვლოდ ვუკეთებდი საქმეს. ამ დავით ლომიძეს ჩვენებაში უწერია, რომ ვითომ ჩემთვის ქრთამის სახით მოსაცემი 400 დოლარი მას პატიმრის დედამ გამოატანა. საბედნიეროდ, ამ ქალმა ეს მაშინვე უარყო და განაცხადა, რომ არანაირი ფული მისთვის არ მიუცია. ახლაც ამბობს, რომ დავით ლომიძე იყო მათთან მისული და აიძულებდათ, ჩემს წინააღმდეგ მიეცათ ჩვენება, რაც ამ ოჯახმა არ იკადრა და ბოლოს, სახლიდან გამოაგდო მისმა ქმარმა. აქვე ამ ქალბატონმა დამიწერა ოფიციალურად, რომ თაყაძის სასამართლო პროცესზე ვიყავი და იგივე ჩვენება მივეციო. ეს რატომ, იცით? ამ ქალის ჩვენება გააქრეს.

რაკიღა ხელი არ დამადო, საერთოდ ამოიღეს მისი ჩვენება, თუმცა სასამართლოს მდივანს სხდომის ოქმში გაეპარა და დასაწყისში მიუთითა, რომ სხდომაზე გამოცხადდა მოწმე – ჟუჟუნა ნადიბაიძეო, მაგრამ მისი ჩვენება აღარსად იძებნება. პროკურატურას სულ ორი მოწმე ჰყავდა – ეს ქალბატონი, რომელმაც არ იკადრა ჩემს წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემა, და მეორე თავად დავით ლომიძე. ეს ადამიანი საერთოდაც არ მოიყვანეს სასამართლო პროცესზე, ოქმი გააფორმეს ისე, თითქოს მე ვაღიარე დანაშაული და მოწმეების დაკითხვა და სასამართლო გამოძიების ჩატარება საჭირო აღარ იყო.

პატიმრის ახსნა-განმარტებაც ხელთ მაქვს ნოტარიუსით დამტკიცებული. ეს ბიჭი, ტატო ნადიბაიძე ყვება, როგორ გაიყვანეს ციხის უფროსის კაბინეტში, სადაც დახვდნენ პროკურორები. ორი ქაღალდი დამიდეს, ერთზე დაწერე, რომ შენმა ოჯახმა გადასცა ფული მოსამართლე თაყაძესო და დღესვე გაგიშვებთ ციხიდანო.

უარი რომ უთქვამს, ტელეფონით დაალაპარაკეს დათო ლომიძე, – ბიჭო, აგერ ვარ ციხესთან, მოაწერე ხელი და უნდა წაგიყვანოო. არაფრით არ მოაწერა ამ ბიჭმა ხელი. ამის გამო რამდენიმე დღით კარცერში შეაგდეს და სერიოზულ ზეწოლას ახდენდნენ“, – განაცხადა „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მოსამართლე თამაზ თაყაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები