მერი ლორთქიფანიძე: ჩემი ოჯახის გაუბედურების გამო ბრალს ვდებ გია გეწაძეს
„ჩემი ოჯახის გაუბედურების გამო ბრალს ვდებ უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს – გია გეწაძეს“, – აცხადებს მერი ლორთქიფანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
მერი ლორთქიფანიძე ინტერვიუში 12 წლის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, 12 წლის წინ მისი შვილს ავტომანქანა დაეჯახა და ამჟამად დაზარალებული პირველი ჯგუფის ინვალიდია.
ლორთქიფანიძის განმარტებით, მის შვილს ქვედა კიდურები დღემდე უფუნქციოდ აქვს, ლოგინში წევს, მეტყველების უნარი არ აქვს და მხოლოდ სმენა და მხედველობა აქვს შენარჩუნებული. ავარიის დროს, ლორთქიფანიძის შვილს -მერი ჯგერენაიას 10 თვის შვილი ჰყავდა.
„მაქვს ინფორმაცია, რომ იმ მანქანაში, რომელიც ჩემს შვილს დაეჯახა, იჯდა იმერეთის მხარის მაშინდელი გუბერნატორი გია გეწაძე, რომელიც ამჟამად უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილეა! ისიც შევიტყვე, რომ გეწაძესთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა მისი მოადგილე გია თევდორაძე, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ სიით არის წარმოდგენილი, ხოლო მანქანას მართავდა გია გეწაძის ნათესავი, 20 წლის გიორგი ჩომახაშვილი, რომლისთვისაც ეს პირველი შემთხვევა არ იყო. ეს ადამიანი დღემდე დაუსჯელია გეწაძისა და თევდორაძის წყალობით, რომლებიც დამნაშავეს ხელს აფარებენ და ამგვარად თვითონაც სჩადიან დანაშაულს“, – აცხადებს დაზარალებულის დედა მერი ლორთქიფანიძე.
მისი თქმით, 12 წლის განმავლობაში გამოძიებამ დაახლოებით 15 პროკურორი გამოიცვალა, მაგრამ დღემდე არავინ დაუკავებიათ.