ვინ აღიარა ფონიჭალაში მომხდარი დედა-შვილის მკვლელობა – გახმაურებულ საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა

სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავა, რომელმაც ფონიჭალაში დედა-შვილის საზარელი მკვლელობა აღიარა, ის ფსიქიკურად შეურაცხადი აღმოჩნდა, – ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, შუახნის მამაკაცი პოლიციამ ქუჩაში საეჭვოდ მიიჩნია და განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანა,სადაც მან აღიარა, რომ 22 თებერვალს ოთარ მამფორიას ოჯახში შეიჭრა და მისი ცოლ-შვილი ამოხოცა.
ამავე სტატიის თანახმად, შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ მამაკაცი ფსიქიკურად შეურაცხადია. გარდა ამისა, მისი დნმ მკვლელობის ადგილიდან ამოღებულ ნიმუშებს არ დაემთხვა. არ არის გამორიცხული, რომ აღიარებაც მის ფსიქიკურ ფანტაზიებს უკავშირდებოდეს.
ნონა რომანაძის ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული, ამჟამად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, დაკვირვების ქვეშ იმყოფება. აღნიშნულ დანაშაულში კი მისი მონაწილეობა არ დასტურდება.
როგორც „პრაიმტაიმი“ წერს, გამოძიების პროცესში არაერთი ადამიანია დაკითხული. არაერთი დაწესებულებიდან კი სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც ამოიღეს, მათ შორის ისანში მდებარე ერთ-ერთი კაზინოდან.
საქმე ისაა, რომ მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ამ კაზინოში გარდაცვლილი ნონა რომანაძის მაზლმა, გელა მამფორიამ ფული წააგო. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, იგი აღნიშნულ კაზინოში ღამის 04:00 საათამდე იმყოფებოდა, თავად მკვლელობა კი, როგორც ცნობილია, დილის საათებში მოხდა.
გამოცემასთან საუბრისას, ოჯახის ახლობელი ყვება, რომ ძმებ მამფორიებს ბოლო პერიოდში ერთმანეთთან არცთუ ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
„გელა აზარტული მოთამაშე გახლდათ და ამის გამო ოთართან ხშირად კამათობდა. ის და მისი ოჯახი გარკვეული პერიოდი ფონიჭალაში მათთან ცხოვრობდნენ, თუმცა უკმაყოფილება მოუხდათ სწორედ თამაშის გამო და ოთარმა ის სახლიდან გააგდო. ოთარი წლებია ფულს აგროვებს. ფული რომ ჰქონდათ სახლში, ეს ყველაფერი ახლობლისთვის ცნობილია და იცოდა გელამაც. გელა წარსულში ორჯერ ნასამართლევი გახლავთ. ის სასჯელს 2000-2009 წლებში ქურდობის ბრალდებით იხდიდა.
„პრაიმტაიმთან“ გელა მამფორია ადასტურებს, რომ მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე კაზინოში იმყოფებოდა, თუმცა ამბობს, რომ მკვლელობის მომენტში ის უკვე სამსახურში იყო, რისი დამადასტურებელი ჩანაწერებიც ამოღებულია.
როგორც სტატიიდან ირკვევა, გარდაცვლილი ნონა რომანაძის მაზლი ვარაუდობს, შესაძლოა, დანაშაულის კვალი ქობულეთში მიდოდეს. აღნიშნულ ვერსიას განიხილავენ სამართალდამცავებიც, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ქობულეთში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, მათ შორის გარდაცვლილის ნათესავსა და მეგობარს დნმ ანალიზი აუღეს.
გარდა ამისა, გაზეთი „პრაიმტაიმი“ კიდევ ერთ ვერსიაზე წერს, რომელიც გამოცემის ინფორმაციით, გამოძიების შესწავლის საგანია. საქმე, ფონიჭალაში, მამფორიების მეზობლად მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს უკავშირდება.
გამოცემასთან საუბრისას, გარდაცვლილის დეიდაშვილი ამბობს, რომ ზემოთ ხსენებულმა ქალბატონმა მკვლელობიდან მესამე დღეს ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა.
„ამ ქალბატონს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ოჯახთან ერთად გერმანიაში ლტოლვილად ჩაბარებას გეგმავდა. მან ნონას რამდენჯერმე სთხოვა 1500 დოლარი, თუმცა ნონამ ყველა ჯერზე უარით გაისატუმრა. წინა დღეებში ამ ქალმა სახლიდან ტანსაცმელი გამოატანა, მე მაინც მივდივარ და გადაყრას მირჩევნია, შენ გაჩუქოო. თუ კვალი ამ ადამიანთან მიდის, შესაძლოა, მან ტანსაცმელი იქვე, ბინაში გამოიცვალა. საინტერესოა, რომ ამ ქალმაც და მისმა ოჯახმაც მკვლელობიდან მესამე დღეს ქვეყანა დატოვეს“, – ყვება რომანაძის დეიდაშვილი.
ერთ-ერთი ინფორმაციით, გამოძიებამ აღნიშნული პიროვნება ქვეყნის დატოვებამდე დაჰკითხა, თუმცა მისი ბრალეულობის დამადასტურებელი ვერაფერი იპოვა.
„ჩემი აზრით, ქალის ხელი ურევია,რადგან ძალიან ნაწვალებია. ჯერ ვაზა აქვს ჩარტყმული, მერე დანით არის დაჩეხილი. კაცი გაცილებით მარტივად მოახერხებდა ამ ყველაფერს. ხელს არავის ვადებ, მაგრამ ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ეს ყველაფერი. ტანსაცმლის ჩუქება, ფულის თხოვნა. ამბობენ ფსიქოლოგიურად ვერ იყო კარგადო“,-აცხადებს „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში გარდაცვლილის დეიდაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები