გიორგი ვაშაძე: მიხეილ სააკაშვილი ჩემი მეგობარია

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის ათეულში ყოფნა გარანტირებული მქონდა, მაგრამ მომავალ პარლამენტში ყოფნა ჩემი მიზანი არ ყოფილა, – ამის შესახებ გიორგი ვაშაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს და მიიჩნევს, რომ „ადამიანებმა, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ, ადგილი ახალ თაობას უნდა დაუთმონ“.
აღნიშნულ კონტექსტში გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, დავით ბაქრაძეს იხსენიებს.
„დამისახელეთ თუნდაც სამი რეფორმა, რომლებიც დავით ბაქრაძემ პარლამენტის თავმჯდომარეობისას განახორციელა. დავით ბაქრაძის რეიტინგი არ სცდება საზოგადოების განცდას – კაი კაცია და იყოს, ვის რას უშლის. ადამიანები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს, მათ აღარ აინტერესებთ. გიგა ბოკერიას, დავით ბაქრაძესა და გოკა გაბაშვილს მიხეილ სააკაშვილის, როგორც აქტიური ლიდერის, პარტიაში ყოფნა აღარ სურთ“, – აცხადებს ვაშაძე.
გიორგი ვაშაძე ზუსტ დროს, როდის დაიწყო აღნიშნული პროცესი, არ ასახელებს, თუმცა, განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან „ჩაჩოჩების“ მცდელობას ადგილი უკვე ჰქონდა. იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილმა გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური თამაშის მონაწილედ გამოაცხადა, ვაშაძე აცხადებს, რომ „მიხეილ სააკაშვილი, ამ განცხადების მიუხედავად, მაინც მისი მეგობარია“.
„უკრაინაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მაქვს დასამთავრებელი და არცერთი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებული არ არის. პარტიას კი აუცილებლად შევქმნი და სასწაულებსაც მოვახდენ, თუმცა ვინ იქნება ჩემ გვერდით, ამას უახლოეს მომავალში შეიტყობთ“, – განმარტა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები 5 მაისს დატოვა და განაცხადა, რომ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები