ქეთი ხარძიანი: გია უდესიანი „ნაცმოძრაობის“ ძალებთან დაახლოებული ჯალათია

მოკლული ბიზნესმენის, ბესარიონ ხარძიანის ქალიშვილი, ქეთი ხარძიანი ვარაუდობს, რომ გია უდესიანი მამამისის საქმეში თავის პარტნიორ რეზო ქურასბედიანთან ერთად მოქმედებდა.
როგორც ხარძიანი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, გია უდესიანს უდანაშაულობის დასამტკიცებლად რაიმე მნიშვნელოვანი მტკიცებულება რომ ჰქონოდა, შეეძლო 2014 წლის ივლისში, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარედგინა.
„მათ წააგეს და დადგინდა, რომ ხელშეკრულება იძულებითი იყო და მამას მოუწია ბიზნესის დათმობამ. უდესიანის ადვოკატები ამბობენ, თითქოს ხარძიანისთვის 3 მილიონი აქვს გადახდილიო. ამის დამადასტურებელი ქვითარი, ან რაიმე საბუთი ხომ უნდა არსებობდეს? მამაჩემს წილი არაადამიანური მოპყრობთ, მუქარით, წამებით გააფორმებინეს. სასაცილოა, როცა უდესიანი ამბობს, პოლიციაში მოსვლას ვაპირებდი და ამიტომ მდევნიანო. პოლიტიკური ფიგურა კი არა, უდესიანი „ნაცმოძრაობის“ შავბნელ ძალებთან დაახლოებული ჯალათია, რომელიც მათ ნება-სურვილს ასრულებდა და ერთ-ერთი დავალება მამაჩემისთვის ნარკოტიკების ჩაყრა და ციხეში ჩაგდება იყო“, – აცხადებს ქეთი ხარძიანი.
მისი განმარტებით, ბესარიონ ხარძიანს სხვა მტერი არ ჰყავდა და არ არის გამორიცხული, რომ ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, უდესიანსა და ქურასბედიან ჩაედინათ მკვლელობა.
შეგახსენებთ, რომ ხუთწლიანი დავის შემდეგ მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე გია უდესიანს ბრალი წარუდგინა.
სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის („ქილერა“) მიმართაც. 2008 წელს გიორგი უდესიანი და ბესარიონ ხარძიანი შპს „კუს ტბა კალასა“ და შპს „კუს ტბა პალასის“ პარტნიორები გახდნენ. გამოძიების ინფორმაციით, 2011 წელს უდესიანმა ხარძიანსა და მისი ოჯახის წევრებზე გაფორმებული წილის უკანონოდ დაუფლებისა და ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით, დანაშაულებრივი გეგმა შეიმუშავა. დაუკავშირდა მე-8 დაწესებულებას (სადაც ხარძიანი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა სასჯელს), იმჟამინდელ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს და დაავალა პატიმარ ხარძიანზე ისეთი სახის ზემოქმედება, რაც მას იძულებულს გახდიდა, ბიზნესწილები დაეთმო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები