„სამება ხანძრის დროს გაიქურდა, წაღებულია ოქროს სამკაულები“ – რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება

სამების საკათედრო ტაძარში ხანძარი შესაძლოა, მიზანმიმართულად გააჩინეს. გაზეთ „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ტაძარში ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენის ვერსია მას შემდეგ გამყარდა, რაც ირკვევა, რომ სამებიდან ძვირფასეულობა გაუჩინარდა.
„პრაიმტაიმთან“ საუბარში სამების ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, არქიმანდრიტი ილია ნასიძე აცხადებს, რომ ტაძრიდან ნივთები, მართლაც, დაიკარგა და მომხდარი ფაქტით ეკლესია და პატრიარქი შეურაცხყოფილია.
„მხოლოდ ის შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ძვირფასეულობა ნამდვილად დაიკარგა და როგორ და რანაირად, ეს არ ვიცი. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა რეალურად. ძარცვის მიზნით გააჩინეს ხანძარი? არ ვიცი, ველოდებით გამოძიებას, როგორც გითხარით. პატრიარქმა მიმართა განცხადებით პოლიციას და ამ საკითხზე რეაგირება მოითხოვა. გამოძიებამ უკვე დაჰკითხა ის სასულიერო პირები, ვინც ტაძარში კვამლი შენიშნეს“,- განაცხადა არქიმანდრიტმა ილია ნასიძემ.
როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი ტაძარში, ძარცვის მიზნით შეგნებულად გააჩინეს. მეორე ვერსიით კი, სამებაში გაჩენილი ხანძრის დროს დაუდგენელმა პირმა ან პირთა ჯგუფმა შექმნილი მდგომარეობით ისარგებლა და ეკლესია გაძარცვა.
სამების საკათედრო ტაძარში ხანძარი 20 მარტს ახალგაზრდული ცენტრის ბიბლიოთეკაში გაჩნდა, რომელიც ე.წ. ტაძრის ნულ სართულზეა განთავსებული. სასულიერო პირებმა და მრევლმა ხანძრის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც ახალგაზრდული ცენტრიდან ამოსული კვამლი შენიშნეს. სამებაში სახანძრო და სამაშველო ბრიგადები დროულად მივიდნენ. ხანძარმა 1200 კვ.მ ფართობი გაანადგურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები